შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აჭარაში შეზღუდვების ნაწილი იხსნება, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ეკონომიკის სრული ფუნქციონირებისთვის ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგულაცია უნდა გაუქმდეს.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ბათუმში ახალგაზრდების ჯგუფმა შეზღუდვების სრულად მოხსნის მოთხოვნით აქცია გამართა, იუწყება პირველი არხი.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

სარესტორნო და ტურისტული ბიზნესი მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავს

საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციებს მართავს. დღეს თბილისში სარესტორნო და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. 206-მა რესტორანმა გაფიცვა გამოაცხადა და შეწყვიტა მიწოდების სერვისი, რომელიც მათთვის მუშაობის ერთადერთი დარჩენილი შესაძლებლობაა შეზღუდვების მოხსნამდე.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში გამართული აქციის მონაწილეებს. ვითხოვთ, ქვეყანა გაიხსნას. ჩვენთვის გაუგებარია, რას ემსახურება კომენდანტის საათი, რატომ არ უნდა გაიხსნას რესტორნები, ფიტნეს-კლუბები, რა სარგებლობა მოაქვს ამ ყველაფერს პანდემიის მართვაში“, – განაცხადა აქციის მონაწილემ თამარ კურატაშვილმა.

მთავრობის წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ყველა შეზღუდვის ერთად მოხსნა კვლავ ინფიცირების ზრდას გამოიწვევს.

სპეციალისტები: შეზღუდვების ერთდროულად მოხსნა ინფიცირების ზრდას გამოიწვევს >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 676-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  257.632-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.