თბილისში Glovo-ს კურიერები გაიფიცნენ

რესტორნების კვალდაკვალ, რომლებიც ე.წ. გატანის სერვისს ერთი დღით წყვეტენ, საკუთარ პრობლემებზე კურიერებმაც განაცხადეს.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. მიწოდების სერვისის კომპანია Glovo-ს კურიერებმა კომპანიის სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ და ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება, შეკვეთების კონკრეტულ მისამართებზე მიტანას არ აპირებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, დაიკლო მომსახურების ტარიფებმა, ასევე შეიცვალა ბონუსები, ამიტომაც მათ მუშაობა „არაადამიანურ პირობებში“ უწევთ. 

რესტორნებიდან გატანის სერვისს ვწყვეტთ: რას გეგმავს რესტორატორთა ასოციაცია

„მე არ უნდა მჭირდებოდეს ობიექტზე (შეკვეთის) 40 წუთი ლოდინი, ეს საკითხი როგორღაც უნდა მოგვარდეს. მაგალითად, როდესაც ობიექტზე Wolt-ის თანამშრომელი მიდის, მას ლოდინი არ უწევს, მე კი დამკვეთთან გაციებული შეკვეთის მიტანა და მისი პრეტენზიების მოსმენა მიწევს. კვირაში 180 ლარად, არანორმირებულ რეჟიმში, ჩვენ დღეში 12 საათი მუშაობა გვიხდება“, – განაცხადა კურიერმა.

Glovo-ს კურიერების საპროტესტო აქცია ერთადერთი არაა – 30 იანვარს, შაბათს თბილისის ყველა რესტორანი კოვიდ-შეზღუდვების პროტესტის ნიშნად გატანის სერვისს შეწყვეტს.

ისინი რესტორნების 1 თებერვლიდან გახსნას მოითხოვენ. აქციაში მონაწილეობის მიღებას 100-ზე მეტი რესტორანი გეგმავს.