აქტივისტებმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს თანხა ორ საათში შეაგროვეს

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ედავება.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიის ნაწილის აზერბაიჯანისთვის შესაძლო უკანონოდ გადაცემისთვის ბრალდებული კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს თანხა რეკორდულად მცირე დროში შეგროვდა, ნათქვამია მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„კარტოგრაფების საქმე": პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 ათას ლარს შეადგენს. მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

სამოქალაქო მოძრაობამ ბრალდებულებისთვის თანხის შეგროვება გუშინვე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ჩარიცხული თანხა სრულად გადაეცემა მელაშვილისა და ილიჩოვას ოჯახებს.

„ანგარიშის ნომრის დადებიდან 2 საათში გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი სრულად შეგროვდა! მადლობა თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს!“ – ნათქვამია სამოქალაქო მოძრაობის განცხადებაში.

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა პროკურატურამ გუშინ დააყენა. პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 30 ათას ლარს შეადგენდა. ბრალდების მხარემ ასევე მოითხოვა, ბრალდებულებს აეკრძალოთ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პროკურატურის ინფორმირების გარეშე და აგრეთვე გათავისუფლდნენ თანამდებობიდან, რომლებსაც დაპატიმრებამდე იკავებდნენ. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ბრალდების მხარის არგუმენტი იყო ის, რომ საგამოძიებო მოქმედებები ყველა მიმართულებით ამოწურულია და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. 

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.