კორონავირუსის ვაქცინაციის გრაფიკი საქართველოს თვის ბოლოს ექნება

საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე დაჩქარებული წესით იხილავს კორონავირუსზე მოსახლეობის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო შესწორებები, რომლებიც კორონავირუსზე ვაქცინაციას ეხება.

სად და როგორ ჩატარდება ვაქცინაცია: ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება>>

საკანონმდებლო შესწორებები კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ ითვალისწინებს მოსახლეობის ვაქცინაციას მხოლოდ ჯანმოს მიერ დარეგისტრირებული ვაქცინებით, ასევე ვაქცინის მწარმოებლის მოთხოვნების შესაბამისად, რაც საქართველოს ავალდებულებს, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა შესაძლო ზარალის ან ვაქცინაციის პროცესში გართულებების შემთხვევაში.

მხოლოდ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინა – პარლამენტი ვაქცინაციის გეგმას მხარს უჭერს

როგორც კანონპროექტის განხილვის დროს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, თვის ბოლოს ქვეყანას ეცოდინება ვაქცინაციის გრაფიკი და ვაქცინის მიღების თანმიმდევრობა.

ხუნდაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესი მკაცრად გეგმის მიხედვით ჩატარდება. ვაქცინას COVAX–პლატფორმის მეშვეობით შეიძენენ.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, ხუნდაძის თქმით, ქვეყანაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, რაც მოქმედი შეზღუდვების შედეგია. ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი 5.8%-ს შეადგენს.

შეზღუდვები ერთადერთი ბერკეტი იყო, რამაც ვირუსის სწრაფი ზრდა შეაჩერა, აღნიშნა ხუნდაძემ და დასძინა, რომ მას ესმის მოქალაქეებისა და ბიზნეს-სექტორის, რომლებზეც ეს შეზღუდვები უარყოფითად აისახა.

გამყრელიძე: ჩვენი მიზანია – კოვიდ-ვაქცინაცია ზრდასრული მოსახლეობის 65 პროცენტს ჩაუტარდეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ კოლეგებს კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ ცვლილებების შეტანაზე კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი აზრით, ასე თითოეული დეპუტატი ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მალე დაიწყოს ვაქცინაცია, რომელიც ამ ეტაპზე პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებად არის მიჩნეული.

სერგეენკო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საინფორმაციო კამპანიის დაწყებას, რათა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე მოსახლეობა ინფორმირებული იყოს.

სოციოლოგიურმა კვლევებმა, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა დროს ჩატარდა, აჩვენა, რომ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც თანახმა არიან, აიცრან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, 50-დან 60 პროცენტამდე მერყეობს.

ხუნდაძე: ვაქცინის შესაძლო უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს

საქართველო ვარაუდობს, რომ 20 ათას დოზა ვაქცინას თებერვალში მიიღებს. ეს, სავარაუდოდ, Pfizer-ის (ამერიკულ–გერმანული წარმოების) ვაქცინა იქნება.

ეკონომიკის სრული გახსნისთვის მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის აცრაა საჭირო. ამას შეიძლება დაახლოებით 164 მლნ ლარი დასჭირდეს.

ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.