თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. თბილისში მცხოვრებთა ნახევარზე მეტის ფინანსური მდგომარეობა პანდემიის პერიოდში გაუარესდა და ისინი ახლა ნაკლებს ხარჯავენ, ასეთია ქართული საკონსულტაციო კომპანია ACT-ს კვლევის შედეგები.
კომპანიის მონაცემების თანახმად, გამოკითხვაში მონაწილე თბილისელების 60%-ის ფინანსური მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიის დროს გაუარესდა. გამოკითხულთა კიდევ 34%-მა განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა უცვლელია, ხოლო 3%-ის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
კვლევამ, ამასთან, აჩვენა, რომ თბილისელების 47% იმაზე ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე, 30%-ის განცხადებით, მათი ხარჯები არ შეცვლილა, ხოლო დანარჩენებმა მეტი თანხა დახარჯეს.
გამოკითხულთა 34%-მა აღნიშნა, რომ მეტის ხარჯვა დაიწყეს პროდუქტებზე, 27%–27%-მა კი – საყოფაცხოვრებო ქიმიაზე, ჰიგიენის საშუალებებზე და სამედიცინო მომსახურებაზე. ამასთან, თბილისელების 73%-მა თავისი ხარჯები მომატებული ფასებით ახსნა.
ამავე დროს კვლევამ აჩვენა, რომ ათიდან ექვსი პოტენციური მყიდველი თავს იკავებს ძვირადღირებული საყიდლებისგან – ბინა, ავტომობილი, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
კვლევა სატელეფონო ინტერვიუს გზით დეკემბერში ჩატარდა. მასში მონაწილეობდა 403 თბილისელი.
ვითარება თბილისში
თბილისში, ქუთაისთან და რუსთავთან ერთად, ამჟამად ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. ქალაქში არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობენ რესტორნები, კაფეები, დაკეტილია ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები, აუზები, კინოთეატრები, თეატრები, არ მუშაობენ სკოლები და საბავშვო ბაღები.
ეს შეზღუდვები ბიზნესის წარმომადგენელთა პროტესტს იწვევს. მათ განაცხადეს, რომ თუ შეზღუდვები მარტამდე გაგრძელდება, ბაზრის დატოვება მოუწევთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თუ უახლოეს კვირაში თბილისში ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება, შესაძლებელი იქნება ტრანსპორტის ამუშავებაზე და ეკონომიკის დარგების რაც შეიძლება სწრაფად გახსნაზე ლაპარაკი.