თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის გართულებების გამო საქართველოში 2020 წელს სამედიცინო სფეროში მომუშავე 62 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ინფიცირებული მედიკოსების 0,4%-ია, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში „ერთი წელი COVID-19-თან ერთად“.
გარდაცვლილთაგან 31 ქალია და 31 მამაკაცი. რაც შეეხება გარდაცვლილი მედპერსონალის ასაკს, სტატისტიკა ამგვარია:
რაოდენობა | ასაკი |
2 | 30-39 |
3 | 40-49 |
9 | 50-59 |
30 | 60-69 |
18 | 70+ |
კორონავირუსის გამო გარდაცვლილი მედიკოსებიდან 24 სტაციონარული განყოფილების თანამშრომელი იყო, 16 – კოვიდ–კლინიკისა და რეანიმაციის, 10 – პირველადი ჯანდაცვის, 5 – სასწრაფო დახმარების სამსახურის, 2 – საკარანტინო სივრცის პერსონალი, 1 – დიალიზის პაციენტების მომსახურების პერსონალი, 1 – PCR–ლაბორატორიის თანამშრომელი, 1 – ფსიქიატრიული განყოფილების თანამშრომელი და 1 – ეპიდემიოლოგი.
სხვადასხვა თანმდევი ქრონიკული დაავადება (ყველაზე ხშირად კარდიოვასკულარული დაავადებების სახით) ჰქონდა 24 გარდაცვლილ პირს (38,7%).
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 254 822 შემთხვევა გამოვლინდა და აქედან 6 პროცენტი – სამედიცინო პერსონალია. ინფიცირებული მედპერსონალიდან 72% იყო სტაციონარული განყოფილებების, ცხელების კლინიკების, რეანიმაციისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელი.
ინფიცირებულთა შორის 80% ქალია და 20% – მამაკაცი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ყველაზე ხშირად ავადმყოფობდა ყველაზე შრომისუნარიანი ჯგუფი – 30–70 წლამდე ასაკის. ინფიცირებული მედპერსონალის 65% თბილისის, იმერეთისა და აჭარის მცხოვრებია.
საქართველოში ონლაინ–კლინიკების რაოდენობა გაიზარდა – ჯანდაცვის უწყება>>
31 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების მაჩვენებელი 94%-ს აღწევს, გარდაიცვალა 1,1%, მკურნალობას განაგრძობს 4,9%. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.