თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველოში 2020 წელს სხვადასხვა მიზეზის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელია 49 074, მაშინ, როდესაც 2015–2019 წლების საშუალო მაჩვენებელი 48 179 იყო, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში „ერთი წელი COVID-19-თან ერთად“.
2020 წლის სექტემბრიდან, კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან ერთად, ლეტალური შემთხვევების ზრდაც დაფიქსირდა. 31 დეკემბრის მონაცემებით, 2020 წელს სხვადასხვა მიზეზის გამო გარდაცვლილთა რაოდენობამ წინა წლების ანალოგიური პერიოდების მაჩვენებლებს გადააჭარბა.
პიკი 24 დეკემბერს იყო. ამის შემდეგ გარდაცვალების შემთხვევების შემცირება დაიწყო. კერძოდ, 1 მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის ყოველდღიური შემთხვევები 11,6%-დან 8,2%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება კონკრეტულად კორონავირუსის გართულების გამო გარდაცვლილ პაციენტთა ასაკს, 70 წელს ქვემოთ ინფიცირებულთა რაოდენობამ შეადგინა 43%, 70–79 წლის ასაკისა – 30%, ხოლო 79 წელს ზემოთ – 27%. აქედან 55,4% იყო მამაკაცი, ხოლო 44,6% – ქალი.
კორონავირუსით გარდაცვლილთა სამედიცინო ცნობებში მითითებული იყო, რომ 62,2%-ს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. აქედან 52%-ს აღენიშნებოდა კარდიოვასკულარული დაავადებები და ჰიპერტენზია, დიაბეტი ჰქონდა 17,3%-ს, ონკოლოგიური დაავადებები – 4,3%-ს, ფილტვების ქრონიკული დაავადებები – 2,3%-ს.
ყველა გარდაცვლილ პაციენტში დაავადება განვითარდა მძიმედ ან კრიტიკულად, ყველა შემთხვევაში გართულებული იყო სუნთქვის უკმარისობა. 98,2%-ს აღენიშნებოდა პნევმონია, 25,4%-ს – რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, 23,5%-ს – გულის უკმარისობა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 254 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 244 თასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 3 096.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.