ქართველი სეისმოლოგი შტუტგარტში და მისი სქელტანიანი რომანი, რომელიც მობილურში დაწერა

რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ დღეს გერმანიაში მცხოვრები ქართველის მარიამ ჭიღლაძის სულიერ სამყაროს გაგიზიარებთ.
Sputnik

ამბობს, რომ გზა სამშობლოში - მთელი მისი შეგნებული ცხოვრებაა... კარიერაზე უარი ოჯახის გამო თქვა. გერმანიაში, შტუტგარტის უნივერსიტეტში, გეოფიზიკის ინსტიტუტის მიწვევით აღმოჩნდა. ამ ეტაპზე პროფესიაში „ტაიმ-აუტი“ აქვს აღებული. სამაგიეროდ, უცხოეთში წერა დაიწყო.

მისი რომანი „წვიმის ვალსი" ემიგრანტების მძიმე ცხოვრებაზეა. ამჟამად კი წერს რომანს „ის, რაც ჩვენშია", რომელსაც საფუძვლად გენეტიკური კოდის იდეა უდევს.

მასალაში განვლილ გზასა და საკუთარ განცდებზე ღიად მოგვითხრობს.

ქართველი სეისმოლოგი შტუტგარტში და მისი სქელტანიანი რომანი, რომელიც მობილურში დაწერა

- ქალბატონო მარიამ, რას გაიხსენებთ ბავშვობის ნათელი მოგონებებიდან, რომელიც ვიცი, დღესაც „არ განებებთ“ თავს?

- დავიწყებ იქიდან, რომ პირველი შვილის და ორივე მხრიდან, პირველი შვილიშვილის ნებიერობას, ისიც დაერთო, რომ ჩემს სანათესაოში ბიჭები სჭარბობდნენ. ალბათ ამიტომაც გოგონებს ხელის გულზე გვატარებდნენ და ცივ ნიავს არ გვაკარებდნენ. დღესაც კი, შორეულ დასავლეთში, ის შემორჩენილი სითბო მაძლებინებს. მყავს ასაკოვანი მშობლები, რომელთა სიყვარული ჩემთვის სამაგალითოა. მე და ჩემი საფიცარი ძმა უსათნოესი დედიკოს და უმკაცრესი, მაგრამ სამართლიანი მამიკოს მფარველობის ქვეშ გავიზარდეთ. ჩვენი ოჯახის კრედო - მხოლოდ სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და შრომის დაფასებაა. ერთადერთი, რაც ბავშვებს გვევალებოდა, სწავლა იყო. დღემდე ვიხსენებ მამის შეკრულ კოპებს: მასწავლებელმა არ აგიხსნა? წიგნში ხომ წერია? ჩვენს ოჯახში ყველაზე დიდი ადგილი ბიბლიოთეკას ეკავა. ესეც თუ არ კმაროდა, კეთილი მეზობლების სახლის კარი ჩვენთვის ყოველთვის ღია იყო და ნათხოვარ წიგნსაც დროულად ვაბრუნებდით.

ქართველი სეისმოლოგი შტუტგარტში და მისი სქელტანიანი რომანი, რომელიც მობილურში დაწერა

- ამის შემდეგ იყო სტუდენტური წლები, რომელიც 90-იანი წლების რთულ დროს დაემთხვა, ვის და რას გაიხსენებდით იმ პერიოდიდან?

- დიახ, ასე იყო: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სწავლა 90-იან წლებში მომიწია. სპეციალობის კურსს წმინდა მამა გრიგოლ ფერაძის ძმისშვილი, რომანოზ ფერაძე მიკითხავდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ის თვლიდა, რომ მე გეოფიზიკის კათედრაზე უნდა დავრჩენილიყავი და ხარისხი დამეცვა. როცა თსუ-ს დასრულების შემდეგ შემხვდა, ცოტა არ იყოს, ნაწყენმა მკითხა: მარიამ, ხარისხი? მე კი ჩემს ორ მცირეწლოვან ვაჟზე მივუთითე. იგი მოეფერა ჩემს შვილებს და დასძინა, ესენი გაიზრდებიან და შენ კარიერა დაგჭირდებაო. ხშირად ვიხსენებ ხოლმე უკეთილშობილესი პიროვნების, ბატონი რომანოზის ამ სიტყვებს, მაგრამ დღესაც იგივეს გავუმეორებდი: ჩემი ხარისხი - ჩემი დიდი ოჯახია... კარიერას კი ფარატინა ფურცელზე დაწერილი შტამპიანი ხარისხი არ სჭირდება...

ქართველი სეისმოლოგი შტუტგარტში და მისი სქელტანიანი რომანი, რომელიც მობილურში დაწერა

- შვიდი წლის წინ, შტუტგარტის უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტის კათედრაზე როგორ აღმოჩნდით?

-1994 წელს დავამთავრე თსუ გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ძებნა-ძიების გეოფიზიკური მეთოდების სპეციალობა, სეისმოლოგიის განხრით... თსუ-ში სწავლის დროს და მისი დამთავრების შემდეგაც, სტუდენტურ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემოთავაზება რამდენჯერმე მივიღე. შტუტგარტის უნივერსიტეტში მოხვედრა კი უცნაური შემთხვევის წყალობა გახლდათ. ერთხელ, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთ სუფრაზე აღმოვჩნდით. მაშინ ყველამ თავისი ვინაობა და პროფესია დაასახელა. მათ შორის მეც და მახსოვს სუფრას გაკვირვებამ როგორ გადაურბინა. ტექნიკური საგნების ცოდნა უცხოეთში რატომღაც გაოცებას და მოწონებას იწვევს. სუფრის ერთ-ერთმა წევრმა, დამატებითი კითხვები დამისვა და თავის უბის წიგნაკში რაღაც ჩაინიშნა. მაშინ ამისთვის მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, როცა იგივე პიროვნება პროფესორთან შეხვედრაზე შემითანხმდა, მის კეთილ განზრახვას მაშინ მივხვდი. არ დამავიწყდება, როგორი ზარ-ზეიმით მიმაცილა მან საჭირო ადგილზე და წარმადგინა. თან გამომიცხადა: შენი ცხოვრების შავი ზოლი დასრულდა და ამის მერე თეთრი იწყებაო. მოგვიანებით როცა პროექტის განხილვას ვესწრებოდი, გამახსენდა ჩემი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც ასპირანტურაში სწავლაზე უარი ვუთხარი...

ქართველი სეისმოლოგი შტუტგარტში და მისი სქელტანიანი რომანი, რომელიც მობილურში დაწერა

- უცხოეთში ძირითადი პრობლემა ენის ბარიერია ხოლმე, როგორ გადალახეთ იგი და რას იტყვით უცხოელებთან თანამშომლობასა და ურთიერთობაზე?

- როცა ენის კურსებს გავდიოდი, პრაქტიკა გავიარე საბავშვო ბაღში, სადაც საოცრად თბილი და პოზიტიური გარემო დამხვდა. მხოლოდ ექვსი თვე ვიყავი მტრედებივით მოღუღუნე ანგელოზებთან ერთად, რომლებიც საოცარ ენერგიას მმატებდნენ. უცხოელებთან ურთიერთობასა და თანამშრომლობას რაც შეეხება, ის ორ ეტაპად იყოფა. პირველადი უნდობლობა ან ნდობასა და სითბოში გადადის, ან დისტანციასა და... ჩემ შემთხვევაში კარგად დასრულდა. საბედნიეროდ, უმეტესობამ ქართული სიტყვებიც კი ისწავლა. ერთ-ერთი დოცენტი ქართული დამწერლობითაც დაინტერესდა. სეისმოლოგიის პროექტში, მე ჩრდილოეთის ზღვაში არსებულ ბიძგებზე დაკვირვებას და ლოკალიზებას ვახდენდი. გერმანიაში არც ისე ადვილია პროფესიული ზრდა თუ ამის შესაბამისი პირობები არ გაქვს, ამიტომ შტუტგარტის უნივერსიტეტში, ერთ-ერთი პროექტის დასრულების შემდეგ შესვენება ავიღე. სამომავლოდ ვერ გეტყვით, გავაგრძელებ თუ არა პროფესიულ საქმიანობას. ამის მერე, შტუტგარტის სამრევლოსთან არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში სამი წელი ქართულ ცეკვას ვასწავლიდი. თითოეული ბავშვი საკუთარი შვილივით მიყვარდა და საპასუხო გრძნობას მათგანაც ვიღებდი. ეს იყო ბედნიერების ისეთი აღქმა, რაც სამშობლოდან შორს მყოფს მშობლიური სიოსავით მელამუნებოდა...

ქართველი სეისმოლოგი შტუტგარტში და მისი სქელტანიანი რომანი, რომელიც მობილურში დაწერა

- თავისთავად საინტერესო თემაა: გერმანიაში მყოფი სეისმოლოგი, რომელმაც სქელტანიანი ისტორიული რომანი დაწერა...

- გაგიკვირდებათ და, ეს რომანი ტელეფონის კლავიატურის დახმარებით დავწერე. რომანს, რომელსაც ვუწოდე „ის, რაც ჩვენშია", საფუძვლად გენეტიკური კოდის იდეა უდევს. ისტორიულ-დოკუმენტური ფაქტებით გაჯერებული ეს რომანი მხატვრული თხრობის ფორმითაა გადმოცემული. თავდაპირველად, მხოლოდ ჩემი და მეგობარ-ახლობლების წინაპრების ისტორიებით შემოვიფარგლე და ორმოცდაათი თავი დავწერე. შემდეგ, ჩემი ძმადნაფიცის შეძახილით და გამხნევებით, იმაზე ფიქრი დავიწყე, რაც საკუთრივ გადამხდა. ასე შევეჭიდე ამ უმძიმეს, საპასუხისმგებლო და ვრცელ თემას, რაც ჩემმა თაობამ 80-იანი წლებიდან 2000 წლის ჩათვლით გამოიარა. ასე ნელ-ნელა რომანის კიდევ ოთხმოცი თავი დავწერე. დღეს თითქმის ფინალამდე ვარ მისული და ეპილოგიც მოფიქრებული მაქვს, მაგრამ... დროებით გავჩერდი.

ქართველი სეისმოლოგი შტუტგარტში და მისი სქელტანიანი რომანი, რომელიც მობილურში დაწერა

- რადგან რომანის წერა უცხოეთში დაიწყეთ, ემიგაციაში აღმოჩენილ საკუთარ თავზე რას იტყვით?

 - ჩემი მეორე რომანი „წვიმის ვალსი" ემიგრანტების სევდასა და მძიმე ცხოვრებას ასახავს. ეს რომანი ზუსტად ერთ თვეში დავწერე. ფურცელზე რახანია აღარ ვწერ. ტელეფონში მაქვს გუგლის დოკუმენტ-ფაილი, სადაც დღე და ღამე, ჩავხრიდი ხოლმე თავს და ვწერდი, გარშემო თუნდაც უამრავი ადამიანი ყოფილიყო. მათი საუბარი მუსიკის ჰანგივით ჩამესმოდა. რამდენიმე წლის წინ, როცა შვეიცარიის უღელტეხილზე ვიყავი, ახლობლებმა შუა გზაზე მანქანა გამიჩერეს, რადგან ემოციებს ვერ ვმალავდი. მითხრეს: აჰა, გადადი და შესძახე მთებსო... იმ მთებმა მაშინ ჩემი ქვეყანა გამახსენა-თითქოს საქართველოს ყველა კუთხეს ერთ მთაგრეხილში მოეყარა თავი... ემიგრაციაში აღმოჩენილ საკუთარ თავს კი ასე შევძახებ: „შენ უნდა შეძლო, მარიამ!" ისევე, როგორც ოცი წლის წინ, განსაცდელის დროს საკუთარ თავს უკვე ლექსად შევუძახე...

ქართველი სეისმოლოგი შტუტგარტში და მისი სქელტანიანი რომანი, რომელიც მობილურში დაწერა

- ზემოთ ახსენეთ, რომ თქვენი ხარისხი-თქვენი ოჯახია, მასზე მინდა მოგვიყვეთ...

- ორი ვაჟი და შვილიშვილი, გოგონა მყავს. ჩემს ძმასაც ორი ვაჟი ჰყავს, მარტო ჩემი ოჯახით ვერასოდეს ვიფარგლები. ჩემი უფროსი ვაჟი, კბილის ტექნიკოსის კვალიფიკაციით ჩემთან ერთად ცხოვრობს გერმანიაში. ახლა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სამწუხაროდ, არ მუშაობს და მკურნალობის გრძელვადიან ეტაპს გადის. ამის გამო საკუთარ კარიერასა და დოქტორის ხარისხზე უარი ვთქვი. რაც შეეხება მეორე ვაჟს: ის დაოჯახებულია, შვილიც და რძალიც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის წარჩინებული კურსადმთავრებულები არიან. ახლა კინოსა და თეატრში პირველ ნაბიჯებს დგამენ. მიხარია, რომ ორივეს გასიგრძეგანებული აქვს საკუთარი პროფესიის სიღრმე და სირთულე. მათი მადლობელი ვარ, რადგან ოჯახსაც და შემოქმედებით საქმიანობასაც ერთნაირი პასუხისმგებლობით და ღირსებით უძღვებიან.

ქართველი სეისმოლოგი შტუტგარტში და მისი სქელტანიანი რომანი, რომელიც მობილურში დაწერა

- ვიცი, რომ გყავთ სამეგობრო, რომელიც შორეულ ქვეყანაში ცხოვრების სირთულს გიადვილებთ...

-დიახ, მე მყავს უერთგულესი მეგობრები, რომლებიც ჩემს დაბადებას თოჯინებით შეეგებნენ და დღემდე ღიმილით მაიმედებენ. ჩემს არსებობას და ცხოვრების აზრიან პერიოდებს, ეტაპობრივად შემოერთებულ სკოლის, უნივერსიტეტისა და სამსახურის მეგობრებს ვუმადლი. მათ არასოდეს ჩაუმუხლავთ და მიჭირდა თუ მილხინდა, ჩემს გვერდით იყვნენ. მე, რომელიც ფილმის, წიგნისა და სხვების ყოფითი პრობლემების მიმართ გულჩვილობით გამოვირჩეოდი, ეროვნული მოძრაობის დროს წინა ხაზზე ვიდექი. მეგობარი ბიჭები ახლაც ხშირად მახსენებენ ხოლმე, რომ ჩვენ შენს დაცვას ვცდილობდით და შენ კი ჩვენსასო. დღემდე ასე გრძელდება... მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს კილომეტრები გვაშორებს, ჩემი ყველა მეგობარი ჩემი ფავორიტია...

- ამბობენ, ადამიანი ძილის წინ, ორი წუთი არის ის, ვინც სინამდვილეშია...

- ძილის წინ ორი წუთით ადრე? არც კი ვიცი ამ შვიდი წლის განმავლობაში ჩემს ძილს რა ჰქვია... ყოველ ღამე, ჩემი ქვეყნის ჭირ-ვარამზე დარდით ვიძინებ და ვიღვიძებ. სულიერად საქართველოში ვარ, აქ მხოლოდ ვარაუდით. გერმანიაში ჩემი ყოფნა აუცილებლობითაა განპირობებული - ეს შვილის ჯანმრთელობას სჭირდება. ემიგრაციის სიმძიმის დაძლევაში ძალიან მეხმარება სულიერი ზრდა. არ შემიძლია არ ვახსენო შტუტგარტის სამრევლო, სადაც ის სითბო და სიყვარულია, რომელიც გათქმევინებს, რომ უფლება არ გაქვს ვერ გაუძლო... აქ ჩვენ გვყავს მოძღვარი, სულიერი მამა და მასწავლებელი, დეკანოზი თამაზ ლომიძე. მასთან ბევრჯერ მივსულვარ ატირებული, მოუსმენია და უთქვამს: რწმენით ეზიარეო... ყოველ ღამე ლოცვასთან ერთად აყოლილი სამშობლოს კეთილდღეობაზე ტკივილიანი ფიქრი და შიში არ მშორდება. გზა სამშობლოში - ეს მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებაა...