გელათის ბედით პოლიტიკოსები დაინტერესდნენ: „ლელო“ გამოძიებას ითხოვს

ძეგლის სახურავიდან წყალი კვლავ ჟონავს. წყალმა შეიძლება უნიკალური ფრესკები დააზიანოს. პრობლემის გადაწყვეტაში პოლიტიკოსები ერთვებიან.
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ითხოვს, რომ დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, ვინაა დამნაშავე იმაში, რომ გელათის უნიკალურ ძეგლს სერიოზული საფრთხე შეექმნა.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს მთავარ საგამოძიებო სამმართველოში განცხადება შეიტანა.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2016 წელს შესრულდა, მაგრამ კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის დაზიანების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

დროებითი თუნუქის სახურავი იქამდე იქნება, სანამ ის მთლიანად არ შეიცვლება ახლით, რომლის ხარისხსაც ლაბორატორიული კვლევები და ექსპერტების დასკვნები დაადასტურებს.

გელათის სახურავის დაზიანებით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, ამ საკითხზე დაიკითხნენ მოწმეები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უნდა განსაზღვროს, არის თუ არა პასუხისმგებელი სამუშაოების შემსრულებელი – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, გელათის ფრესკები უკვე წლებია ზიანდება და ამაზე არცერთ უწყებას არ ჰქონია სათანადო რეაგირება. მან ამ საქმეში კორუფციის ნიშნებიც არ გამორიცხა.

გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები: საიამ პროკურატურას მიმართა>>

„ეს არის მორიგი თვალთმაქცობა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. გამოძიება, რომელიც ამ უწყებამ გასულ წელს დაიწყო, არ არის იქითკენ მიმართული, რომ დაადგინოს – ვინ არის ძეგლის დაზიანებაზე პასუხისმგებელი და გამოკვეთოს სახელმწიფო უწყებები, რომელთა უპატიებელი გულგრილობის გამო გელათი დაზიანდა. ის გამოძიება ეხება ფინანსურ ნაწილს და, დიახ, შესაძლოა, მართლაც ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში კორუფციას, რაც არ გამორიცხავს ძეგლის დაზიანების გამო პასუხისმგებლობას. შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევია, რომ ფრესკები დაზიანებულია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გელათის სამონასტრო კომპლექსში გარემო პირობების კონტროლის სენსორები დაამონტაჟეს

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა.

მე-13 საუკუნეში სამონასტრო ანსამბლს დაამატეს წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგი ეკლესიები, ასევე სამსართულიანი სამრეკლო. კედლის მხატვრობა სხვადასხვა პერიოდს მიეკუთვნება — XII-დან XVIII საუკუნის ჩათვლით. განსაკუთრებით აღსანიშნავია გვირგვინოსნების პორტრეტები.