აშშ კვლავ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს მიუბრუნდა

ინტერესთა კონფლიქტი და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პერსპექტივა: რუსეთი აშენებს, გერმანია დაზღვევის ფონდს ქმნის, შვედეთს „გაზის ომის“ ეშინია, აშშ სანქციებს აწესებს, ბრიტანეთი კი მას მხარს უჭერს.
Sputnik

დანიური კომპანია Ramboll, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მონაწილეა, ვაშინგტონის სანქციების გამო შეშფოთებულია, იუწყება მასმედია. მართლაც, 1 იანვრიდან შეერთებულმა შტატებმა პროექტში ჩართული ყველა სუბიექტის წინააღმდეგ ზომები გააძლიერა. თუმცა მშენებლობა გრძელდება. ევროპაში ამ საკითხის ირგვლივ ვნებათაღელვა არ წყდება: სანამ გერმანელები ამზადებენ ფონდს სანქციებისგან თავის დასაცავად, ბრიტანელებს სურთ ამერიკელების მაგალითს მიბაძონ, შვედებს კი „გაზის ომის“ დაწყების ეშინიათ. რა ელის მილსადენს – ამის შესახებ РИА Новости-ს მიერ მომზადებულ ნატალია დემბინსკის მასალაში წაიკითხავთ.

ძველი მეთოდები

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სახმელეთო ნაწილის მშენებლობა სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე დასრულებულია. ახლა მილები გაჰყავთ გერმანიის წყლებში, შემდეგ სამუშაოები დანიის წყლებში გაგრძელდება. პროექტი დასასრულს უახლოვდება. თუმცა ვაშინგტონში ამის აღიარება არ სურთ. 1 იანვრიდან მოქმედებს ახალი კანონი თავდაცვითი ბიუჯეტის შესახებ, რომელიც რუსული გაზსადენის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ითვალისწინებს. 

კერძოდ, საუბარია ორგანიზაციებზე, რომლებიც ტესტირების, ინსპექციის ან სერტიფიცირების მომსახურებით არიან დაკავებული. ნორვეგიულმა კომპანია DNV GL-მა უკვე განაცხადა, რომ წყვეტს გაზსადენის შემოწმებას და მის სერტიფიცირებას ვერ შეძლებს.

მიმოხილვა: 2020 წელი - „იდეალური შტორმი“ გაზის მსოფლიო ბაზარზე

როგორც ამას წინათ აშშ-ის სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, კანონს თავდაცვითი ბიუჯეტის შესახებ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო უშიშროებისა და „ისეთი ზესახელმწიფო–მეტოქეების შესაკავებლად, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი“. ეს დოკუმენტი გაამყარებს აშშ-ის უპირატესობას „ზღვაზე, ხმელეთზე, ჰაერში, კიბერსივრცესა და კოსმოსში“.

„გაზპრომს“ დაახლოებით 150 კილომეტრის სიგრძის მილების ჩაყრა დარჩა. 120 – დანიაში და 30-ზე ოდნავ მეტი – გერმანიაში. სამუშაოების 94% დასრულებულია. სამუშაოებს ევროპის ხუთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია აფინანსებს. ვაშინგტონის ხელის შეშლის მიუხედავად, 11 იანვარს, ერთწლიანი შესვენების შემდეგ განახლდა მუშაობა გერმანიის ტერიტორიულ წყლებში. 15 იანვრიდან მილების გაყვანას დანიის სანაპიროსთანაც დაიწყებენ.

მილგამყვან „ფორტუნას“ დაეხმარებიან რუსეთის საზღვაო–სამაშველო სამსახურის გემები „მურმანი“ და „ბალტიის მკვლევარი“, ასევე სხვა ხომალდები. ზღვაში მილსადენის გაყვანის ხაზიდან ორივე მხარეს დაახლოებით 200 მეტრის რადიუსში დროებით აკრძალული ზონა გამოცხადდება.

როგორც ამას წინათ „გაზპრომ ექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ელენა ბურმისტროვამ განაცხადა, მილსადენის საზღვაო ნაწილის მშენებლობის დასრულების ვადა დამოკიდებულია გარკვეულ გარემოებებზე, კერძოდ, ამინდზე.

დაცვითი მექანიზმი

ამასობაში აშშ-ში ევროპულ კომპანიებს, რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, რუსეთს მილსადენის გაყვანაში ეხმარებიან, კვლავ ემუქრებიან.

„ჩვენ ვცდილობთ მათ რისკები გავაცნოთ და მოვუწოდოთ, უარი თქვან თანამშრომლობაზე, ვიდრე გვიანი არ არის“, – მოჰყავს Reuters-ს სახელმწიფო დეპარტამენტში თავისი წყაროს სიტყვები. უახლოეს დღეებში თეთრი სახლი, ამ სააგენტოს ინფორმაციით, არასასურველი ორგანიზაციების სიას გამოაქვეყნებს.

მოსაზრება: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ფინიშს უახლოვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აცხადებენ: მოსკოვს ეჭვი არ ეპარება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წარმატებაში, როგორც არ უნდა ეცადოს ვაშინგტონი „გაზპრომის“ დასავლეთევროპელ პარტნიორებზე ზეწოლას.

გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს კვლავაც ეკონომიკურ პროექტად მიიჩნევენ. მათთვის მიუღებელია აშშ-ის სანქციები, რის შესახებაც ამ დღეებში გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ულრიკე დემერმაც ისაუბრა. მეტიც, იანვრის დასაწყისში გერმანიის მეკლენბურგ–წინა პომერანიის ფედერალური მიწის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეგიონული მთავრობის ინიციატივას, შეიქმნას ეკოლოგიური ფონდი „კლიმატისა და გარემოს დაცვა MV“.

ეს ფონდი ამერიკული სანქციების გასანეიტრალებლად შეიქმნა. ორგანიზაცია შეძლებს მშენებლობისთვის საჭირო მოწყობილობის შეძენას. და, უპირველეს ყოვლისა, მილსადენს ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვან პროექტად აღიარებს.

როგორც გერმანული Bild აზუსტებს, ეს შესაძლებელს გახდის – „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს „გარემოს დაცვის პრინციპული ელემენტის“ კლასიფიკაცია მიენიჭოს.

ფონდი აპირებს კომერციული საწარმოს დარეგისტრირებას, რომელიც მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ით იქნება დაკავებული. კომპანიები, რომლებსაც სანქციებით დაემუქრებიან, რუსულ მხარესთან ითანამშრომლებენ იმ ეკონომიკური ინსტრუმენტების მეშვეობით, რომლებსაც აღნიშნული საწარმო უზრუნველყოფს.

დრო არ ითმენს

მოასწრებენ თუ არა გერმანელები თავის დაცვას სანქციებისგან? დამკვირვებლებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი მხრივ, ფონდმა მიიღო ინვესტიციები და უფლებამოსილება, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ვაშინგტონს ძალისხმევა წყალში ჩაუყაროს, აღნიშნავს კომპანია ТМТ-ს დირექტორი დანილ როსტოვცევი.

„თუმცა ფონდის შექმნის ინიციატივამ საზოგადოების, განსაკუთრებით, „მწვანეთა“ უკმაყოფილება გამოიწვია. ეკოლოგები არაეთიკურად და აღმაშფოთებლად მიიჩნევენ ამგვარი მეთოდებით ისეთი პროექტის ხელშეწყობას, რომელიც, მათი აზრით, სულაც არ არის „მწვანე“, არამედ სახიფათოა გარემოსთვის“, – აღნიშნავს ანალიტიკოსი. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მხარდამჭერები საზოგადოებასთან მოლაპარაკებას.

ამავდროულად, დამოუკიდებელი სამრეწველო ექსპერტის ლეონიდ ხაზანოვის აზრით, ბერლინი არც ერთ შემთხვევაში არ დაუთმობს ვაშინგტონს: გერმანიას სჭირდება რუსეთის ცისფერი საწვავი, უფრო იაფი, ვიდრე ამერიკული თხევადი აირი. და მით უფრო აუცილებელია რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შენარჩუნება: ეს ბაზარი სტრატეგიულია გერმანული კომპანიებისთვის.

„რასაკვირველია, ფონდზე სანქციები გავრცელდება, მაგრამ ისინი არაეფექტური იქნება. მისი ქვეკონტრაქტორების წინააღმდეგ კი საჭირო გახდება ახალი კანონპროექტის მომზადება, მისი გატანა კონგრესზე, ლოდინი, ვიდრე პრეზიდენტი ხელს მოაწერს. ამ პროცედურას შესაძლოა ნახევარი წელიწადი დასჭირდეს. ამ დროის განმავლობაში კი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაც დასრულდება“, – მსჯელობს ექსპერტი. თუმცა არ გამორიცხავს გართულებებს მილსადენის ამუშავების ეტაპზე – სწორედ აშშ-ის თავდაცვით ბიუჯეტში გათვალისწინებული სანქციების გამო. 

შიში და სიძულვილი

ბრიტანელებს სურთ ამერიკელების მაგალითს მიბაძონ. როგორც ბრიტანეთის კონსერვატორმა დეპუტატმა დანიელ კოჩინსკიმ განაცხადა, რუსული გაზსადენი „მეტისმეტად სახიფათოა“ – იმით, რომ ნატოს ქვეყნების ტერიტორიებზე გამავალი ყველა გაზისა და ნავთობის ქსელის გვერდის ავლით, „პირდაპირ რუსეთში“ მიდის. მისი სიტყვებით, ბრიტანელებს აღარ აკავებს ევროკავშირის წევრობა, ამიტომ „საჭიროა ამერიკელ მეგობრებს მივყვეთ და დავაწესოთ სანქციები ყველა იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილეობს“.

„სანამ სრულად არ შეჩერდება“: აშშ რუსული გაზსადენისთვის სანქციების დაწესებას განაგრძობს

შვედეთში კი შიშობენ, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა ნიადაგს შექმნის „გაზის ომისთვის“, თანაც ქვეყნის მილსადენთან უშუალო სიახლოვის პირობებში. როგორც Svenska Dagbladet აღნიშნავს, ამერიკელი დემოკრატი ამ პროექტის „უფრო სასტიკი მოწინააღმდეგეც კია, ვიდრე დონალდ ტრამპი“. ხოლო თავად სკანდინავიური სამეფოსთვის ეს საკითხი უკვე გადაჭრილია: მთავრობამ მოიწონა შვედეთის ეკონომიკურ ზონაში მილსადენის გაყვანა.

„გაზპრომისთვის“ ბაიდენის პრეზიდენტობის ნეგატიურ ასპექტად მიიჩნევა მისი ენერგეტიკული პოლიტიკა, ე.წ. მწვანე კურსი. დემოკრატები გეგმავენ 2 ტრილიონი დოლარის გამოყოფას, რათა ქვეყანა 2035 წლამდე ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკაზე, 2050 წლისთვის კი ნულოვან გამონაბოლქვზე გადავიდეს. თუმცა რუსეთისთვის მწვანე ენერგეტიკაც ხელსაყრელია: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ით შესაძლებელია არა მხოლოდ ბუნებრივი აირის გადატანა, არამედ წყალბადისაც. ევროპაში წყალბადის საწვავზე მოთხოვნილება პოტენციურად ძალიან მაღალია.

თავად აშშ-ში ეჭვი ეპარებათ, რომ ყველაფერი შესრულდება, რასაც თეთრი სახლი „ნაკადს“ ჰპირდება. როგორც ვირჯინიის შტატის ყოფილი სენატორი რიჩარდ ბლეკი ირწმუნება, მოსკოვთან მოლაპარაკება მშენებლობის დასრულებაზე ბაიდენს უხმაუროდ ურჩევნია. სანაცვლოდ კი იგი ვაშინგტონისთვის რაიმე სარგებლის გამოძალვას შეეცდება.

 

ავტორის თვალსაზრისი შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას