მსოფლიო დღეს

ტრამპმა Twitter-ზე აკაუნტი აღადგინა: რომელი „ტვიტები“ წაშალა პრეზიდენტმა

Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიშის დროებით დაბლოკვის გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების შესახებ მოქმედი პრეზიდენტის უსაფუძვლო განცხადებებისა და დედაქალაქში მომხდარი არეულობების ფონზე მიიღო.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მას შემდეგ, რაც Twitter-მა მისი ანგარიში დროებით დაბლოკა, სოციალურ ქსელში პირველი განცხადება განათავსა. 

ტრამპის მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ - ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობაა

Twitter-მა ტრამპის აკაუნტი 12 საათით დაბლოკა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი სამ „ტვიტს“ არ წაშლიდა, რომელიც, კომპანიის აზრით, მის წესებს არღვევდა, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ანგარიში დაბლოკილი დარჩებოდა. ტრამპმა არეულობის ფონზე კაპიტოლიუმთან შეკრებილ მეამბოხეებს სოციალურ ქსელში მიმართა და აღნიშნა, რომ მას არჩევნები „მოპარეს“.

ამის შემდეგ ტრამპმა წაშალა სადავო „ტვიტები“.

დაბლოკვის შემდეგ ტრამპის პირველი განცხადება ორწუთიანი ვიდეომიმართვა გახდა, რომელშიც მან კაპიტოლიუმში მომხდარი ძალადობა შეაფასა. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, „არ წარმოადგენენ“ შეერთებულ შტატებს როგორც ქვეყანას. სახელმწიფო მეთაურმა პირობა დადო, რომ არეულობის მონაწილეებს კანონდარღვევისთვის „აზღვევინებენ“.

„შეერთებული შტატები იყო და ყოველთვის უნდა იყოს კანონისა და წესრიგის ქვეყანა“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში 20 იანვარს მოვა. ის კი ყოფილი კონკურენტისთვის ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადასაცემად მზადაა. 

ვაშინგტონში პოლიციასა და ტრამპის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა: ვრცელდება ვიდეო

„კონგრესმა არჩევნების შედეგები დაადასტურა, ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ახლა ჩემი ყურადღება ძალაუფლების შეუფერხებლად და მოწესრიგებულად გადაცემის უზრუნველყოფაზეა გამახვილებული. ეს მომენტი მოითხოვს კონსოლიდაციასა და შერიგებას", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ოთხშაბათს კაპიტოლიუმის ბორცვზე არეულობა მოხდა – ტრამპის მომხრე მომიტინგეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. მანამდე ტრამპი მხარდამჭერების წინაშე მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და მათ მოუწოდებდა, კაპიტოლიუმისკენ წასულიყვნენ.

6 იანვარს, როდესაც კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების ოფიციალურად დასამტკიცებლად შეიკრიბა, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაუდგენელ ვითარებაში პოლიციის მიერ ნასროლმა ტყვიამ სამხედრო–საჰაერო ძალების ვეტერანის ეშლი ბებიტის სიცოცხლე იმსხვერპლა, კაპიტოლიუმთან კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა.