მოსაზრება: ყარაბაღული შედეგი ბაქოსთვის – გამარჯვება და ახალი პრობლემები

უკრაინის კრიზისის დაწყებამ სამხრეთ კავკასია საინფორმაციო ველიდან გარიყა. მაგრამ 2020 წელს მის შესახებ ყველა ალაპარაკდა.
Sputnik

სერგეი მარკედონოვი

მთიან ყარაბაღში ესკალაციამ, ეკონომისტების ენით რომ ვთქვათ, მკვეთრად გაზარდა ამ რეგიონის კაპიტალიზაცია საერთაშორისო არენაზე.

მოსაზრება: შეიცვლება თუ არა ბაიდენის დროს პოლიტიკა კავკასიაში?

უნდა დავეთანხმოთ ბრიტანელი კონფლიქტოლოგის ლორენს ბროერსის არგუმენტს, რომ ამერიკული გლობალური გავლენის შესუსტების ფონზე კავკასიის რეგიონში ძალის დემონსტრირება „არის უფრო მრავალპოლარული სამყაროსკენ გადახრის სიმპტომი“. ან, თუ ამერიკელი ექსპერტისა და დიპლომატის რიჩარდ ჰაასის მეტაფორას გამოვიყენებთ, „უპოლარულობისკენ“, სადაც „ჩვენიანისა“ და „უცხოს“ ჩვეულ ჩარჩოებს არა უნივერსალური, არამედ სიტუაციური ხასიათი აქვს.

განა ნატოს სამი წევრის ― აშშ-ის, საფრანგეთისა და თურქეთის მიდგომები კავკასიაში 2020 წელს შექმნილი ვითარებისადმი იდენტური იყო? თუ ემანუელ მაკრონისა და რეჯეფ ერდოღანის რიტორიკას დავაკვირდებით ყარაბაღის დაპირისპირების დინამიკასთან დაკავშირებით, გარეგნულად ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს ორი ოპონენტი სახელმწიფოს ლიდერი სრულიად განსხვავებულ დღის წესრიგს წამოწევენ წინ. იმავდროულად რუსეთი, თურქეთი და ირანი ― ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ საერთო ინტეგრაციული აფილაციები, სიტუაციური ურთიერთქმედებისთვის მზადყოფნას აჩვენებენ ― ხანგრძლივი ვალდებულებების გარეშე.

მოსაზრება: ყარაბაღის კრიზისი საერთაშორისო ხასიათის პრობლემად იქცა

ამასთან ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელმაც თავისი მნიშვნელობა და დანიშნულება დაკარგა, ფორმალურად შენარჩუნებულია. და მისი სამი თანათავმჯდომარე ― რუსეთი, აშშ და საფრანგეთი საერთო პოზიციებს ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრუქტურის ერთ-ერთ წევრს, თურქეთს განსაკუთრებული მოსაზრებები აქვს.

ყარაბაღის მეორე ომმა გაააქტიურა ისეთი სიუჟეტი, როგორიცაა ახლოაღმოსავლური ტურბულენტობის გავლენა კავკასიურ პროცესებზე. მანამდე სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირება პრაქტიკულად არ განიხილებოდა რელიგიური დისკურსის კონტექსტში. დღეს ამის შესახებ აქტიურად საუბრობენ მოქმედი პოლიტიკოსებიც, ჟურნალისტებიცა და ექსპერტებიც. საფიქრებელია, რომ მკვლევარებს კიდევ მოუწევთ ობიექტურად შეაფასონ სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფებების რეალური გავლენის ხარისხი, რომლებიც მზად არიან, გამოიყენონ კავკასიური არასტაბილურობა საკუთარი მიზნებისთვის.

აზერბაიჯანისა და სომხეთის ფონზე საქართველო, ერთი შეხედვით, თითქოს იკარგება. 2020 წელს ამ ქვეყანამ შიდა პოლიტიკაზე მოახდინა ფოკუსირება. მაგრამ ყარაბაღის გამწვავებამ თბილისში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

ქართული საკონსტიტუციო ცვლილებები კავკასიის რეგიონულ დღის წესრიგში

ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა რეგიონში რუსეთისა და თურქეთის პოზიციების გაძლიერება (ახალი რუსული სამშვიდობო მისიის გაჩენა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში და თურქეთის ყოფნა აზერბაიჯანში) არაერთმნიშვნელოვნად შეაფასა. საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ბოლო ვიზიტი არ უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ სომხურ-აზერბაიჯანულ დაპირისპირებას, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ვიზიტის მიზანი იყო მოკავშირეების დამშვიდება და იმაში დარწმუნება, რომ ამერიკელები სამხრეთ კავკასიიდან გასვლას არ ჩქარობენ. 

მთლიანობაში 2020-მა წელმა პრობლემების ნაწილი დახურა, ნაწილი კი გააჩინა. მაგალითად, აზერბაიჯანს შეუძლია გასული წლის შედეგები პლუს ნიშნით განიხილოს, სომხეთს ― მინუსით, და ეს მაშინ, როცა საქართველოს მთლიანობაში არაფერი წაუგია.

აზერბაიჯანი: ცხოვრება გამარჯვების შემდეგ

კავკასიის მომავალი ისტორიკოსები, აღწერენ რა 2020 წლის რეალობებს, განსაკუთრებით გაუსვამენ ხაზს აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ წარმატებებს. პოსტსაბჭოთა ისტორიაში მანამდე არ მომხდარა, რომ ტერიტორიების დაკარგვიდან 26 წლის შემდეგ ისინი „დედა-ქვეყანას“ დაბრუნებოდა. მაგალითისთვის: რუსეთმა საკუთარი იურისდიქცია ჩეჩნეთზე 6 წლის შემდეგ აღადგინა.

მოსაზრება: რას გვიმზადებს მომავალი წელი

უფრო მეტის თქმაც შეიძლება. იმან, რაც მიიღო აზერბაიჯანმა ყარაბაღის მეორე ომიდან, ყველაზე თამამ მოლოდინებსაც გადააჭარბა. მრავალწლიანი მოლაპარაკებების პროცესში საუბარი იყო ფორმულაზე 5+2, ანუ პირველ ეტაპზე მოიაზრებოდა ბაქოსთვის ხუთი რაიონის გადაცემა, ხოლო ლაჩინისა და ქელბაჯარის გადაცემა გადავადებული იყო. მაგრამ 2020 წლის ნოემბერში აზერბაიჯანი განმტკიცდა არა მარტო შვიდ რაიონში, არამედ ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიის რიგ ტერიტორიებზეც.

ამასთან ბაქომ ანკარისგან უპრეცედენტო სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერაც მიიღო და ასევე დასავლეთის, ირანისა და რუსეთის ჩაურევლობაც.

მაგრამ რაოდენ მნიშვნელოვანიც უნდა იყოს წარმატებები, ძველი პრობლემების დახურვის შემდეგ ახლები ჩნდება. ბაქო ყარაბაღის სტატუსის საკითხს სრულად დახურულად მიიჩნევს. და, მართლაც, ვლადიმირ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის 10 ნოემბრის ერთობლივ განცხადებაში არაფერია ნათქვამი არც ყარაბაღის არაღიარებაზე და არც მის სტატუსზე. მაგრამ მის ტერიტორიაზე სამშვიდობოები არიან განთავსებული და არა აზერბაიჯანის სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები. და რუსეთის ხელმძღვანელობის შეფასებით, სტატუსის შესახებ საკითხების საბოლოო გადაწყვეტა ჯერ კიდევ წინაა. ამას არცთუ მარტივი დიალოგი და შეთანხმება დასჭირდება.

მოსაზრება: რატომ გამოჩნდნენ სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეები

ყარაბაღის მეორე ომის შედეგად ბაქოსა და ანკარის ალიანსი მნიშვნელოვნად განმტკიცდა. მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლება, ცდილობდა რა ყველანაირად წაეწია წინ თურქეთთან სტრატეგიული ურთიერთქმედება, დამოუკიდებელი ხაზის გატარებისკენ ისწრაფვოდა. თურქული იდენტობის საკითხი რელიგიური ძალისხმევების გაძლიერებისა და საერო საწყისის შესუსტების კონტექსტში ― მარტივი საკითხი არ არის. ბაქოსთვის, რომელიც საერო სახელმწიფოებრიობას უჭერს მხარს, ეს რთული დილემაა.

ამგვარად, გამარჯვება ისტორიის დასასრული არ არის. აზერბაიჯანს მომავალშიც მოუწევს ბევრ რთულ კოლიზიასთან შეჯახება.

სომხეთი: ყარაბაღული ტრავმა

სომხეთისთვის 2020 წელი ასევე იქნება ყარაბაღის წელი. მაგრამ ეს აღქმა დანაკარგთან იქნება დაკავშირებული. 1990-იან წლებში ყარაბაღში გამარჯვება მრავალი წლის განმავლობაში იყო მოწოდებული სომეხი ხალხის იმიჯის გადაფორმატებაზე. ისტორიის სახელმძღვანელოებსა და პრესაში ტანჯული ხალხის სახეს გამარჯვებული ხალხის სახე ანაცვლებდა. და ამ ფონზე ახალი რეალობების მიღება უკიდურესად დრამატული, რომ არ ვთქვათ, ტრავმული პროცესია. ზავის მძიმე პირობებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას, რომელიც 2020 წლის სექტემბრამდე თითქოს წარმატებით უმკლავდებოდა ყველა შიდაპოლიტიკურ გამოწვევას.

მოსაზრება: თურქეთის საქციელის შესაცვლელად, ანუ რისთვის სჯის დასავლეთი ერდოღანს

ყარაბაღის მეორე ომმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა შედარებით წარმატებული პრემიერისთვის. მკვეთრად გააქტიურდა აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი. სამხრეთის მიმართულებით ყარაბაღული ბუფერი აღარ ასრულებს ძველ როლს და ახლა მინისტრთა კაბინეტის ნებისმიერი მოქმედება ოპოზიციისა და საზოგადოების მიერ ელექტრომიკროსკოპის ქვეშ იქნება განხილული. მაგრამ სირთულე ისაა, რომ არც პრემიერის ოპონენტებს არ აქვთ რაიმე შინაარსიანი პროგრამა, რომელიც ვითარებას ნოემბრამდელ მდგომარეობაში დააბრუნებდა.

ზავის პირობების შეუსრულებლობას საომარი მოქმედებების განახლება შეიძლება მოჰყვეს, რასაც, საერთო ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის პირობებში, შესაძლოა მეტად დრამატული შედეგები მოჰყვეს. გართულებულია საგარეო პოლიტიკური მანევრირების შესაძლებლობაც. ნატოსა თუ ევროკავშირს არანაირი გეგმა არ აქვთ ახალი სტატუს-კვოს შეცვლასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ თურქეთი ალიანსის წევრია, ხოლო ევროკავშირი აზერბაიჯანთან კოოპერაციაშია ― ისევე, როგორც სომხეთთან, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში. იმავდროულად რუსეთი სამშვიდობო მისიას ახორციელებს ყარაბაღის მიწაზე და რესპუბლიკის საზღვრების უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.

მოსაზრება: რაზე მიანიშნებს ბაქოს აღლუმზე ერდოღანის დასწრება

ამგვარად, სამომავლოდ ერევნისთვის ისეთი რეცეპტები, რომლებიც კომპრომისებს არ სთავაზობს, პრაქტიკულად არ არსებობს. და აქ საქმე ნიკოლ ფაშინიანის პიროვნებაში სულაც არ არის. მნიშვნელოვანია მარცხიდან გაკვეთილის გამოტანა და მისი შედეგების გადასალახად ადეკვატური სტრატეგიის ფორმირება.  

საქართველო: შიდა პოლიტიკის ინტერნაციონალიზაცია

რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს იმის დაწერის ცდუნება, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ფონზე საქართველო 2020 წელს დიდი საერთაშორისო პოლიტიკის მიღმა დარჩა, ქართული პოლიტიკური ქეისის გარე ზეგავლენებისგან თავისუფლად აღიარება არ გამოვა.

ავიღოთ თუნდაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც 2020 წლის მარტში დაიდო. დოკუმენტის ტექსტი არა მარტო შედგა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით, არამედ მის რეზიდენციაში მოეწერა ხელი. არა პარლამენტის, ქვეყნის მთავრობისა თუ თბილისის მერიის შენობაში, არამედ ფაქტობრივად სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. და შემდგომში კელი დეგნანი ფაქტობრივად მთავარ არბიტრადაც კი იქცა შიდაპოლიტიკურ დავაში.  

2020-მა წელმა აჩვენა: საგარეო პოლიტიკური ლოიალობა ვაშინგტონისთვის იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე „ცალკეული დარღვევები“. კიდევ ერთი გაკვეთილი კავკასიისთვის.

ამგვარად გასულმა წელმა კავკასიის რეგიონი ახალი ამბების ლენტებში დააბრუნა, გაზარდა მისი მნიშვნელობა საერთაშორისო პროცესებში. მაგრამ ასეთი ინფორმაციული გარღვევა და ესოდენ თავისებური პოპულარობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ყველა მცხოვრებს ვერ გაახარებს ― რეგიონი კვლავაც რჩება ევრაზიის ერთ-ერთ ყველაზე მშფოთვარე კუთხედ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს