თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სამხედროებმა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ვაზიანის დასახლებაში, სოფელ გამარჯვებაში, კრწანისსა და მცხეთაში, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შინდისსა და ხიდისთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები და საახალწლო საჩუქრები სარდლობის შტაბმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა ქვეითმა, მექანიზებულმა, საარტილერიო და საინჟინრო ქვედანაყოფების სამხედროებმა გადასცეს.
უფრო ადრე დასავლეთის სარდლობის შტაბმა და სარდლობაში შემავალმა ქვედანაყოფებმა ხონის, სენაკისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და ტკბილეულთან ერთად საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.