თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში, პანდემიის მიუხედავად, ტყის ინვენტარიზაცია გრძელდება.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, წლის შედეგები მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ შეაჯამა.
საქართველოს ხუთ რეგიონში 2019 წელს ხეებს დათვლიან>>
2019-2020 წლებში ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები ჩატარდა გურიის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, სამეგრელო–ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა ქართლის ტერიტორიებზე არსებულ ტყეებში და ნაწილობრივ კახეთში. 2021 წლისთვის დაგეგმილია პროექტის დასრულება და დარჩენილი რეგიონების, კერძოდ, ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და კახეთის დარჩენილი ნაწილის აღწერა.
ნოზაძემ აღნიშნა, რომ, მიუხედავად პანდემიისა, სამინისტრომ მოახერხა ტყეების აღრიცხვა სრულად ექვს რეგიონში და ნაწილობრივ – კახეთში.
„2021 წელს ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები დასრულდება და განხორციელდება მიღებული მონაცემების დამუშავება. ტყის ეროვნული აღრიცხვიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია საქართველოს ტყეების მდგომარეობის მონიტორინგი. მიღებული მონაცემების ანალიზი საშუალებას მოგვცემს შევიმუშაოთ სატყეო სექტორის განვითარებისთვის საჭირო სტრატეგიები და ვაწარმოოთ გამართული და მოქნილი საერთაშორისო ანგარიშგება”, – განაცხადა იური ნოზაძემ.
საქართველოში და კავკასიის რეგიონში პირველად 2019 წელს ამუშავდა ტყის ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გერმანიის მთავრობას ეკუთვნის. სპეციალურად ამ პროგრამისთვის შემუშავდა მეთოდოლოგია და ტექნიკური დოკუმენტაცია.
ბორჯომის ტყეში 120 ათასი წიწვოვანი ხე დაირგო>>
საქართველოს სატყეო ფონდი 2,9 მილიონ ჰა ტერიტორიას იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რაც ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.