ქუთაისს თანამედროვე სტანდარტების 36 ახალი ავტობუსი გადაეცა

ახალი ავტობუსები ქუთაისში დატვირთულ მარშრუტებზე იმოძრავებენ. სატრანსპორტო საშუალებები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც.
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 6 ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან 36 ერთეული EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქ ქუთაისს გადასცა. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

გასულ კვირაში ქუთაისს მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში 10 ავტობუსი გადაეცა. პროგრამის ფარგლებში პირველი ხუთი ავტობუსი თელავს 28 ოქტომბერს გადაეცა.

ქუთაისის ავტოპარკი ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით შეივსო

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული 36 ავტობუსიდან 30 ერთეული 50 მგზავრზეა გათვლილი, ხოლო 6 ახალი ავტობუსი 83 მგზავრს დაიტევს. ამასთან სატრანსპორტო საშუალებები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ახალი ავტობუსები ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს.

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისთვის 175 ერთეული თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას მოიცავს.

აღნიშნული ავტობუსები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს მომდევნო წლის გაზაფხულამდე, ეტაპობრივად გადაეცემათ.

„პროგრამა საშუალებას მისცემს ქალაქებს განავითარონ მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორი, ხოლო მოსახლეობა ისარგებლებს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გასულ კვირაში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით მოქმედებს, ზუგდიდს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროგრამის ფარგლებში EURO 5-ის სტანდარტის შესაბამისი 25 ახალი ავტობუსი გადასცა.

საქართველომ ახალი ავტობუსების შესაძენად სესხი აიღო >>

გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანიამ Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S. გაიმარჯვა. კომპანიამ ვალდებულება აიღო, 2020 წლის გაზაფხულიდან წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტები 117 ერთეული 8,5-მეტრიანი და 58 ერთეული 10-მეტრიანი ავტობუსებით უზრუნველყოს.

ახალი ავტობუსებიდან 60 ქუთაისს, 40 – რუსთავს, 30 – გორს, 25 – ზუგდიდს და 10–10 ფოთსა და თელავს გადაეცემა.