მსოფლიო დღეს

შოტლანდია Brexit-ის წინააღმდეგ: პირველი მინისტრი დამოუკიდებლობას მოითხოვს

დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სადავო სავაჭრო გარიგება შედგა, რა დროსაც ლონდონს გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუხდა.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის შემდგომი სავაჭრო გარიგების გაფორმებას შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯენი საკუთარ Twitter-ზე  გამოეხმაურა და შოტლანდიის დამოუკიდებლობა მოითხოვა.

​„უნდა გავიხსენოთ, რომ Brexit შოტლანდიელების ნების საწინააღმდეგოდ ხდება. არ არსებობს არანაირი გარიგება, რომელიც ოდესმე შეძლებს იმის ანაზღაურებას, რაც ჩვენ Brexit-მა წაგვართვა. დადგა დრო, საკუთარი მომავალი განვსაზღვროთ როგორც დამოუკიდებელმა ევროპულმა ქვეყანამ“, — წერს მინისტრი.

როგორც ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, შოტლანდიელთა უმეტესობა დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წელს შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ პირველ რეფერენდუმზე მოსახლეობის 55%-მა მხარი არ დაუჭირა დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფას.

ბრიტანეთი დათმობებზე წავიდა: ევროკავშირთან სავაჭრო გარიგება შედგა>>

2021 წლის მაისში შოტლანდიაში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. როგორც მოსალოდნელია, ნიკოლა სტერჯენის პარტია აქტიურად იბრძოლებს დამოუკიდებლობის შესახებ კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩასატარებლად.