პენიტენციურ დაწესებულებებში გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია დაიწყო

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამ პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე ჩატარდა. მსჯავრდებულებთან ერთად დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალის თანამშრომლებიც აიცრებიან.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებში გრიპის ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მსჯავრდებულთა ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.

კახა კალაძე: M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლები გრიპის ვაქცინაციას უფასოდ ჩაიტარებენ

განცხადებაში ნათქვამია, რომ არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ვაქცინაცია 21 არასრულწლოვანს ჩაუტარდა. ასევე 60 მსჯავრდებული აიცრა N12 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში. რაც შეეხება N17 და N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებებს, ვაქცინაცია 25 დეკემბერს ჩატარდება.

„პირველ ეტაპზე მოხდება ქრონიკული დაავადებების მქონე, ასევე ასაკოვანი მსჯავრდებულების ვაქცინაცია, შემდგომ ეტაპზე კი ვაქცინაციის პროცესი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაცილებით მეტ რაოდენობას მოიცავს, რაც დაწესებულებებში გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, გარდა პატიმრებისა, იგეგმება სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციაც.

საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის უფასოა. აღნიშნულ კატეგორიაში შედიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, აივ-ინფექციით და C ჰეპატიტით დაავადებული პირები, ორსულები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, სკოლების, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, სამხედროები, მაშველები და მედპერსონალი.

აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ზე ტესტი და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ >>

საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ შეიძინა 40 ათასი დოზა, მაგრამ პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს ქვეყანამ უკვე 100 ათასი დოზა შეიძინა, საიდანაც გამოუყენებელი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა.