თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კლინიკებში გაიზარდა 10-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდების მიმართვიანობა კორონავირუსთან დაკავშირებით, რაც მათ მიერ მოწყობილ სხვადასხვა შეკრებას და ღონისძიებას უკავშირდება, ამის შესახებ ექიმ-პედიატრმა თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“ ეთერში განაცხადა.
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა>>
თუმცა, როგორც მან განაცხადა, დაწესებული შეზღუდვების შედეგად პედიატრიული ასაკის ბავშვების მიმართვიანობამ იკლო.
„როდესაც ბაღები და სკოლები გავხსენით, მომართვიანობა იყო სკოლის ასაკში, ახლა მომართვიანობა გაზრდილია 10-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ ასაკის თინეიჯერები აწყობენ შეკრებებს, ფართებს, დაბადების დღეებს იხდიან, ზოგ შემთხვევაში ქირაობენ სახლებს და ა.შ.“, - განაცხადა მიქელაძემ.
მიქელაძე თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს, განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი აქტივობებისგან.
ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადეების ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები და ა.შ. დაკეტილის სკოლები და საბავშვო ბაღები.
მთავრობის გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან შეზღუდვები მინიმალურად შემსუბუქდება. დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები სპეციალური წესებით გაიხსნება. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება, გამონაკლისი კი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება.