საიდუმლო კომპრომატები თუ იარლიყების მიკერება – პოლიტიკური ბრძოლა საქართველოში

რამ უბიძგა ვაშაძეს „ნაცმოძრაობიდან“ წასვლისკენ, გაიმართება თუ არა „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, რას ითვალისწინებს ქვეყნის პრეზიდენტის ახალი ინიციატივა – „Sputnik-საქართველო“ ქართულ პრესაში განხილვის მთავარი თემების შესახებ.
Sputnik

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი სანახევროდ ცარიელია. ოპოზიციასთან მოლაპარაკება გრძელდება, პრესა კი ყოველდღე ერთსა და იმავე ბრალდებებსა და მოთხოვნებს აშუქებს – არც ერთ მხარეს არ სურს რამის დათმობა.

მიმდინარე მოვლენების შემყურეს შეიძლება დაეუფლოს განცდა, თითქოს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თავიანთ პოზიციას ისე ჩაეჭიდნენ, როგორც ქვის ლოდს, და დაივიწყეს, რომ პოლიტიკური პროცესის მონაწილეები არიან. მკითხველს ეს ერთფეროვანი კინკლაობა დიდი ხნის წინ მობეზრდებოდა, რომ არა პოლიტიკური ფონი, რომელიც ქვეყანაში ელვისებური სისწრაფით იცვლება და რომლის წინასწარ განჭვრეტაც შეუძლებელია.

საკითხავია, ვინ რა მიატოვა...

წინა კვირის მთავარი ინტრიგა უდავოდ თანამდებობიდან და საერთოდ პარტიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის წასვლა იყო. პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ამასთან დაკავშირებით მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა, რომ ვიდრე ვაშაძე „ნაცმოძრაობას“ დატოვებდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად მიატოვა იგი („რეზონანსი“, 16.12).

გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

მინიშნება გამჭვირვალეა. პარტიაში უთანხმოება პრესას არ გამოჰპარვია. განხეთქილება დიდი ხანი მწიფდებოდა. მათ შორის, დღეს ყველაზე აქტუალურ საკითხზე – ოპოზიციის პარლამენტში შესვლა–არშესვლის თაობაზე. ვიდრე ირგვლივ დავა არ წყდებოდა, ვაშაძემ მხარდამჭერებს მოქნილობისა და გონივრული კომპრომისისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა. ამის გამო მას დაუნდობელი კრიტიკის ქარტეხილი დაატყდა თავს.

„საქართველოს რესპუბლიკა“ (16-17.12) სრულად აქვეყნებს მისი განცხადების ტექსტს. არსებობს ფაქტები, წერს იგი, რომლებსაც ვერასდროს შევეგუები, ისევე, როგორც პარტიაში კოლეგიალობისა და სტრატეგიის არარსებობას. ექს-თავმჯდომარეს არც თავისი შეშფოთება დაუმალავს საქართველოში აკრედიტებული სტრატეგიული პარტნიორების დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიის გამო.

ზოგიერთმა გამოცემამ მომხდარის საკუთარი ვერსიაც შემოგვთავაზა. მაგალითად, „რეზონანსი“ (16.12) ვარაუდობს, რომ პარტიიდან წასვლაზე, სხვა გარემოებებთან ერთად, იმოქმედა მწვავე კონფლიქტმა ვაშაძესა და ვანო მერაბიშვილს შორის. თუმცა დეტალურად ყველა მოტივი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. თავად ვაშაძემ განაცხადა, რომ არავითარ კომენტარს არ გააკეთებს და ინტერვიუს არავის მისცემს.

„ველურები ხომ არ ვართ“ – ვაშაძე „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ>>

პარტიაშიც არ ჩქარობენ დეტალებზე საუბარს. ტონით თუ ვიმსჯელებთ, ხელმძღვანელობისთვის ერთ-ერთი ლიდერის წასვლა არასასიამოვნო სიურპრიზი იყო. თუმცა თავად ფაქტს მშვიდი რეაქცია მოჰყვა. როგორც ჩანს, ზედმეტად მშვიდიც, ვინაიდან წამყვანი პოლიტოლოგები მომხდარს სხვაგვარად აფასებენ. განსაკუთრებით, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების გათვალისწინებით, რომლის თანახმად, იგი ამაყობს, რომ გრიგოლ ვაშაძეს იცნობდა და გული სწყდება მისი გადაწყვეტილების გამო (16.12).

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავმჯდომარის კანდიდატები დაასახელა

რბილად რომ ვთქვათ, ეს „ნაცმოძრაობისთვის“ მძიმე შეფასებაა, ფიქრობს ვახტანგ ძაბირაძე. გაზეთი იმაზეც მსჯელობს, მოახერხებენ თუ არა „ნაციონალები“ პროდასავლური პარტიის სტატუსის შენარჩუნებას. პრესაში უკვე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი შესაძლოა „ევროპის სახალხო პარტიიდან“ გარიცხონ. არანაკლებ მწვავედ დგას მემკვიდრის საკითხი. თუ თავმჯდომარის პოსტზე ნიკა გვარამიას წამოაყენებენ, ეს, შესაძლოა, აღქმული იქნეს, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ არა მხოლოდ არ გმობს უცხოელ დიპლომატებზე თავდასხმებს, არამედ მათი მონაწილეცაა.

წინასწარ მკითხაობა აზრს მოკლებულია, აღნიშნავს გამოცემა, რადგან ახალი თავმჯდომარის საკითხს ალბათ მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს (16.12).

პოლიტიკური აბსოლუტიზმის მწარე ნაყოფი

როგორც სააკაშვილის, ისე ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ფილოსოფია აბსოლუტურ ძალაუფლებას ეფუძნება, აღნიშნავს ექსპერტი გია ხუხაშვილი, მულტიპარტიულობა ორივეს ფასადისთვის სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ ოპოზიცია სჭირდება დეკორაციად – ეთანხმება მას ძაბირაძე („კვირის პალიტრა“, 14-20.12). როგორც ჩანს, ამაში იმალება მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც ვერ ხერხდება მოლაპარაკების დაძვრა მკვდარი წერტილიდან.

სერგეენკო: ელჩები ახმოვანებენ ქვეყნების და არა თავის პირად პოზიციას

როგორც რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს („ალია“,14-20.12), რომ მიმდინარეობს არა იმდენად კომპრომატების, რამდენადაც იარლიყების მიკერების ომი. ხატია დეკანოიძე არ მალავს, რომ მისი პარტია მზადაა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ მედიატორი ელჩებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ „ოცნება“ ლუკაშენკოს გზას დაადგა („რეზონანსი“,18.12). ნაცვლად პრობლემების მოგვარებისა, ყველა დაკავებულია იმის გარკვევით, ვინ ჩაფლავდა და ვინ არა, აღშფოთებულია „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე („ახალი თაობა“, 14.12).

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ნიკა გვარამიას მხრიდან ყველაზე უხეში შეურაცხყოფის ობიექტად იქცა. მე მაწუხებს არა ელჩებზე თავდასხმები, აღიარა მან, არამედ ის, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი მოლაპარაკებებზე („საქართველოს რესპუბლიკა“, 16-17.12). „ნაციონალების“ მოთხოვნების ხასიათი ისეთია, რომ მოლაპარაკების მცდელობა შედეგს არ გამოიღებს და მათი ბოლო ფსონი სწორედ ამაზე კეთდება, წერს ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი („ალია“).

მით უფრო, როდესაც დაგვიანებით, მაგრამ მაინც გაირკვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგები პრაქტიკულად დაემთხვა ცესკოს მონაცემებს. ანალიტიკოს ანზორ აბრალავას აზრით, ეს ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მიზანი არის არა დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, არამედ რევოლუციის პროვოცირება („ახალი თაობა“, 16.12).

„სამართლიანი არჩევნები“ პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს

ბოლო დღეებში ელჩები, შუამავლების სახით, პერსონალურად შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს და ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისთვის იმ ოპოზიციონერების რიცხვი, რომლებიც პარლამენტში შესვლას გადაწყვეტენ, გაიზარდოს („რეზონანსი“,16.12).

საახალწლო მილოცვები ახალი წლის შესაფერისი შემწყნარებლობით

საკითხი, რომელიც ხალხს უფრო მეტად აღელვებს, ვიდრე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა – არის პანდემიის გამო მოქმედი მკაცრი შეზღუდვები. ახალი წლისთვის ყველა ელოდება შეზღუდვების შერბილებას. თუმცა ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას აფრთხილებს: რეგულაციების შერბილება უზარმაზარ რისკს შეიცავს. შეიძლება მივიღოთ მრავალი „შავი პარასკევი“ და ინფიცირებულთა რაოდენობამ დღე-ღამეში 8-9 ათასს მიაღწიოს („ალია“).

ნათელია, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილება მწიფდება. როგორ გამოკვებონ ოჯახები და იყიდონ წამლები, თუ აკრძალული იქნება მუშაობა და გადაადგილება? – სვამს კითხვას ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე („ახალი თაობა“, 17.12). ხელისუფლებასა და ეპიდემიოლოგებს უწევთ ბეწვის ხიდზე სიარული. ამ ფონზე ძნელად ასახსნელია თბილისის მერიის გადაწყვეტილება, დაანგრიოს უკანონო ნაგებობები ე.წ. აფრიკის დასახლებაში. კატეგორიულობით გამორჩეულმა ლეიბორისტმა გიორგი გუგავამ ამ მოვლენას „სოციალური ფაშიზმი“ უწოდა (17.12). ამ შემთხვევაში მასთან შეკამათება შეიძლება მხოლოდ ტერმინზე და არა საკითხის არსზე...

სალომე ზურაბიშვილი: „დავიღალეთ“ ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვით

შეუძლებელია პოლიტოლოგების შეშფოთება არ გამოიწვიოს პანდემიის გამოყენების მცდელობამ ოპონენტებზე პოლიტიკური ზეწოლის მიზნით. ნებისმიერი პრობლემის პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა არა მხოლოდ არ ამსუბუქებს კრიზისს, არამედ ყურადღება გადააქვს რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესებიდან.

მაგალითად, პრესას პრაქტიკულად არ გაუშუქებია თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის ინიციატივა „6 ქვეყნის პლატფორმა“, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებთან. მისი მეტ-ნაკლებად გასაგები ახსნა სცადა მხოლოდ გამოცემამ „საქართველო და მსოფლიო“ (16-22.12). პარალელურად გაზეთმა წამოჭრა სალომე ზურაბიშვილის მეტად საინტერესო იდეა „კავკასიის მშვიდობიანი პლატფორმა“.

ეს უკანასკნელიც, სხვათა შორის, ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა მას იმთავითვე გამოეხმაურნენ მოსკოვში. სენატორ ალექსეი პუშკოვის აზრით („რეზონანსი“,14.12), ესაა ახალი მეთოდი, თბილისის ირგვლივ შემოიკრიბონ მოსკოვის მოწინააღმდეგენი რუსეთის ფედერაციაზე დამატებითი ზეწოლის მიზნით. პოლიტოლოგსა და პროფესორს თამარ კიკნაძეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ ვექტორში გარკვეული ცვლილებები ასახა („საქართველო და მსოფლიო“).

ზურაბიშვილმა რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა>>

და, ბოლოს, სასიხარულო სიახლე, რომელსაც გვერდი ვერ აუარა ვერც ერთმა გამოცემამ – ცნობილმა ქართველმა მსახიობმა კახი კავსაძემ 85 წლის ასაკში კორონავირუსი დაამარცხა!

გოგი ვარძიელი

 

ავტორის მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას