თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამა ითვალისწინებს სერიოზული რეფორმების გატარებას ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემაში, როგორც დანაშაულის გამოძიების სფეროში, ისე სასჯელის ნაწილში.
სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გიორგი გახარიას განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად პარლამენტს უკვე წარედგინა. გახარიას მთავრობისა და მისი პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა 24 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, ამასთან დაკავშირებით მართლმსაჯულების სისტემაში მან რეფორმების ოთხწლიანი ციკლი დაგეგმა.
რეფორმები პოლიციაში
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა მიმართულებით სერიოზული ცვლილებები ელოდება.
ამრიგად, მთავრობა აპირებს გააგრძელოს კრიმინალური პოლიციის რეფორმა და საბოლოოდ გამიჯნოს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებები.
ამ რეფორმის ფარგლებში, უბნის ინსპექტორებს ჩაანაცვლებენ მართლწესრიგის ოფიცრები, რომელთა მთავარი ამოცანა იქნება დანაშაულის პრევენცია.
პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო ნაწილს სერიოზული რეფორმები ელოდება. გამომძიებლებისა და ოპერმუშაკების საქმიანობა მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ამ მიზნით კანონმდებლობაც შეიცვლება.
საგამოძიებო კომპონენტი გაძლიერდება, ისევე როგორც გამოძიების ხარისხი, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების შედეგად საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნას, გამოძიების დამოუკიდებლობას ითვალისწინებს.
შსს შეიმუშავებს გრძელვადიან სამოქმედო გეგმას, რომელიც იქნება მიმართული ახალი კადრების მოზიდვაზე, სამსახურში მიღების წესების შეცვლაზე, გამომძიებლების გადამზადებაზე და ა.შ.
გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმა, რომელიც გაამარტივებს ადმინისტრაციულ პროცესებს, გაზრდის პოლიციური სერვისების ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ამ მიმართულებით ასევე შემუშავდება გარკვეულ სიტუაციებში პოლიციის ქმედებების ახალი სტანდარტი და სისტემაში ანალიტიკოსების ჯგუფების დანერგვა.
გარდა ამისა, დაინერგება ისეთი ახალი მექანიზმები, როგორებიცაა პლატფორმა ანონიმური შეტყობინებებისთვის, საზღვრის კვეთის ელექტრონული სისტემა, სატრანსპორტო საშუალებათა საინფორმაციო პლატფორმა და მოქალაქეებთან უკუკავშირის სისტემა.
სასჯელაღსრულების სისტემა
სამთავრობო პროგრამაში სასჯელაღსრულების კუთხით მთავარი სიახლე იქნება საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებები, სადაც ერთსა და იმავე სასწავლო ინტერესების, მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწლოვანი მოთავსდება და ისინი გათავისუფლებამდე ოჯახურ გარემოში იცხოვრებენ. მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ეს დაწესებულებები მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, იგეგმება მსჯავრდებულთა და გათავისუფლებულთა დასაქმების და პროფგანათლების პროგრამის გაძლიერება. ამისათვის სპეციალური სისტემების შექმნა იგეგმება.
ამოქმედდება ახალი პოლიტიკა გათავისუფლებისთვის მომზადების კუთხით, რათა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორების პრევენცია მოხდეს.
რეფორმები თავად ციხეებსაც შეეხება. საქართველოში შესაძლებელი გახდება ფსიქიკური აშლილობების მქონე მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურება, გაძლიერდება მათი უსაფრთხოება და ვადამდელი გათავისუფლების ახალი მექანიზმი დაინერგება.