ლორთქიფანიძე: ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო არჩეული ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში

გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახალ თანამდებობას 10 წლით - 2030 წლამდე დაიკავებს.
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო არჩეული მოსამართლედ საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რისთვისაც მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის, განაცხადა ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩეულმა გოჩა ლორთქიფანიძემ.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

დღეს ცნობილი გახდა, რომ გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის კვოტით.

ლორთქიფანიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ასევე საქართველოს ყოფილ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოებს და ყველა იმ დიპლომატს, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა.

ლორთქიფანიძის განმარტებით, ის რამდენიმე თვეში შეუდგება მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.

„ამ პერიოდის განმავლობაში ჩემთვის პატივი იქნება თუ საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობას მოიწონებს და დაამტკიცებს. ამ გუნდის შემადგენლობაში, როგორც იუსტიციის მინისტრმა, გავაგრძელო ისეთივე პასუხისმგებლობითა და შემართებით მუშაობა, როგორც ადრე“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

გოჩა ლორთქიფანიძეს საერთაშორისო სისხლის სამართლის მოსამართლედ არჩევა უკვე მიულოცეს ქვეყნის პირველმა პირებმა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და სხვებმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 დეკემბერს გიორგი გახარიამ გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრად წარადგინა. ის შეცვლის თეა წულუკიანს, რომელიც ამ პოსტს რვა წლის განმავლობაში იკავებდა.

ლორთქიფანიძე ახალ თანამდებობას 2030 წლამდე დაიკავებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო - პირველი მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალია, რომელიც განიხილავს ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულებისათვის: გენოციდი, სამხედრო დანაშაულები, ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულები და აგრესიის დანაშაული.

სასამართლო დაფუძნდა 1998 წელს რომის სტატუტის საფუძველზე, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა. 2020 წლისთვის რომის სტატუტის რატიფიცირება 123-მა სახელმწიფომ მოახდინა.

საქართველო ჰააგის სასამართლოში საკუთარ კანდიდატს პირველად წარადგენს

საქართველო რომის სტატუტს 2003 წლის 5 სექტემბერს შეუერთდა.

გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. 1991-2005 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში, იყო საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების თანამშრომელი, გაეროს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და კონფლიქტების საკითხებზე მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი.

1999-2003 წლებში მუშაობდა გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლად, შემდეგ კი უფროს მრჩევლად. 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ნიუ იორკში აკადემიურ სფეროში გააგრძელა: 2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში კი – ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი.