ჯანმოს რეგიონული დირექტორი ქართველ ექიმებს გმირებს უწოდებს

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ჰანს კლუგემ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ეკატერინე ტიკარაძესთან გამართა.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერ – Sputnik. ქართველ ხალხს შეუძლია იამაყოს თავისი ექიმებით, განაცხადა თბილისში ვიზიტად მყოფმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში: რამდენ დოზა ვაქცინას მიიღებს ჯანმო ერთ წელიწადში

მისი განცხადებით, საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, პანდემიასთან ბრძოლაში ძირითადი აქცენტი პირველად ჯანდაცვაზე კეთდება და იქ, სადაც ამ პრინციპს ეყრდნობიან, უკეთესად უმკლავდებიან კორონავირუსსა და სხვა გამოწვევებს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის განვითარებისა და ხელშეწყობის გეგმა არსებობს, დიდი ყურადღება ეთმობა სამედიცინო პერსონალს. ეს ძალიან მახარებს, რადგანაც არ არსებობს ჯანდაცვის სისტემა ჯანდაცვის მუშაკების გარეშე. მინდა ქართველ ხალხს მივულოცო ის წარმატება, რომელსაც თქვენმა ექიმებმა მიაღწიეს. ისინი ნამდვილი გმირები არიან“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

მისი განმარტებით, ეს საქართველოში მისი პირველი ვიზიტია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის რანგში და ამ ვიზიტს სამი მიზანი აქვს: პირველი – საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის გაცნობა, მეორე – ჯანდაცვის სისტემის შემდგომი რეფორმის საკითხზე ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმება და მესამე მიზანი – საქართველოში ჯანმოს ოფისის მუშაობის გააქტიურება.

კლუგეს თქმით, საქართველოში ინფექციასთან ბრძოლაში ჩართულია ყველა – ჯანდაცვის სისტემა, მთავრობა, მეცნიერები და საზოგადოება. მან კმაყოფილებით აღნიშნა ქვეყანაში ისეთი სტრუქტურების შექმნა და მუშაობა, როგორიცაა ონლაინ–კლინიკა, ცხელების ცენტრები, კოვიდ–სასტუმროები. კლუგეს თქმით, მრავალ ქვეყანაში პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ პანდემიასთან ბრძოლაში მხოლოდ კლინიკები არიან ჩართული და მნიშვნელობას არ ანიჭებენ კოვიდ–სასტუმროებს. 

ტიკარაძე: პრეპარატი „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია

„გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, რამდენადაც, თქვენ იცით, რომ ვაქცინა უკვე არსებობს, თუმცა საბოლოო შედეგამდე დიდი დროა. და ამ გარდამავალ პერიოდში ძალზე მნიშვნელოვანია დადგენილი სტანდარტებისა და წესების შესაბამისობა და მათი დაცვა როგორც ევროპისთვის, ისე საქართველოსთვის“, – განაცხადა კლუგემ.

ეკატერინე ტიკარაძემ, თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი პანდემიის მართვის სტრატეგიისა და ჯანდაცვის სისტემის დაგეგმილი რეფორმის შეფასების თვალსაზრისით. 

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

„ჩვენ დღეს გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებზე. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ჯანდაცვის სამინისტროში დაარსებული ახალი ონლაინ–კლინიკა, რომელიც ჩართულია პანდემიასთან ბრძოლაში, გაცნობოდნენ ჰოსპიტალური სექტორის მუშაობას. ვიზიტი ხუთ დღეს გაგრძელდება. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია ვაქცინაციის კომპონენტის გაძლიერებისა და კომუნიკაციის დაგეგმვის კუთხით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯანმოს დელეგაცია კოვიდ–სასტუმროებს, კოვიდ–კლინიკებს „112“-ის სამსახურს მოინახულებს და შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯანმოს ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ბერძული, ჯანმოს გადაუდებელი რეაგირებისა და დახმარების განყოფილების პროექტის მართვის ოფიცერი ნატალია დიმოვა-ჩერტოიანოვა და ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.