საქართველოს ოპოზიცია რეალურის პარალელურად „სახალხო პარლამენტის“ შექმნაზე ფიქრობს

უქმად დარჩენილი დეპუტატების „დასაქმების“ იდეა ლეიბორისტების ლიდერს ეკუთვნის, თუმცა ოპოზიციური პარტიების ფართო წრეში ის ჯერ არ განხილულა.
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოდის ინიციატივით, ქვეყანაში ალტერნატიული „სახალხო პარლამენტი“ შეიქმნას.

საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება შეუწყდებათ >>

ის მიიჩნევს, რომ „სახალხო პარლამენტი“ უნდა ჩამოაყალიბონ იმ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებმაც მეათე მოწვევის პარლამენტში თავის მანდატებზე უარი თქვეს.

„ფაქტობრივად, პარლამენტი არ გვყავს. ამიტომ ახლა საჭიროა ოპოზიციის კონსოლიდაცია გარკვეულ სტრუქტურაში, რომელიც იქნება ჩვენი ხალხის აზრის წარმომადგენელი ქვეყნის შიდა და საგარეო ურთიერთობებში იმ გარდამავალ პერიოდში, რომელიც გველოდება ახალ და დემოკრატიულ არჩევნებამდე“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.
დეპუტატის მანდატებზე უარი უკვე ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა

ლეიბორისტების ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ინიციატივა ოპოზიციური პარტიების უახლოეს შეხვედრაზე განიხილება.

ნათელაშვილი იყო პირველი, ვინც ოპოზიციიდან სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით ოფიციალურად მიმართა საკანონმდებლო ორგანოს. შემდეგ მას მიბაძეს ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებმა, „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა. მანამდე ამ პარტიებმა ცესკოში თავიანთი პროპორციული საარჩევნო სიები გააუქმეს.

რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ცესკოსთვის ჯერ არ მიუმართავთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, „გირჩს“ და „მოქალაქეებს“. ამავე პარტიებს არ მოუწერიათ ხელი საჯარო განცხადებაზე სადეპუტატო მანდატების დათმობის შესახებ.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, 22 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. არჩევნების შედეგად 150-დან 60 ადგილი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ახალი პარლამენტი მუშაობას 11 დეკემბერს შეუდგა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლასა და მუშაობაზე უარს აცხადებს. ოპოზიციის წარმომადგენელთა სავარძლები დღემდე ცარიელია.