COVID-19-ის გამო სურსათის დეფიციტი არ იყო:სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ანგარიში

უწყების ხელმძღვანელმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიამ ყველას დაანახა სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობა
Sputnik

COVID-19-ის პანდემიის პერიოდში სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფდა სურსათის შეუფერხებელ მომარაგებას, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა 2020 წლის უწყების მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაზე.

COVID-19-მა რეფორმების ჩატარებას ხელი ვერ შეუშალა - ივანე მაჭავარიანის 2020 წლის ანგარიში

პანდემიის შექმნილი მძიმე კრიზისის დროს უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა იმ საკითხების გადაჭრა, რომლებიც მარაგების მართვას, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებას უკავშირდება.

დავითაშვილის თქმით, ქვეყნის არცერთ რეგიონში არ შექმნილა სურსათის დეფიციტი.

უმოკლეს ვადებში ამუშავდა სუბსიდირების პროგრამები, ხოლო საზკვების ობიექტებს, მცირე და მსხვილ მაღაზიებს რეგულარულად ეგზავნებოდა რეკომენდაციები პანდემიის პირობებში მუშაობის შესახებ, აღნიშნა მან.

აგრარული ბაზრების ფუნქციონირებისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები. სააგენტოს ზედამხედველობითა და რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდა გაწმენდა-შეკეთების მასშტაბური სამუშაოები თითქმის 90 აგრარულ ბაზარში, განაცხადა დავითაშვილმა.

ფერმერების დახმარება

საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს ყოველთვის წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის განვითარება, და COVID-19-ის პირობებში მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მისი მნიშვნელობა უფრო თვალსაჩინო გახადა. ბაზრების დახურვამ და იმპორტულ პროდუქტებზე ფასების ზრდამ აიძულა ხელისუფლება, დახმარება გაეწია ფერმერებისა და მეწარმეებისთვის, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან.

საქართველოში შეღავათებით საწვავზე 120 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა

ფერმერების დასახმარებლად ხელისუფლებამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“, რომელზეც 300 მილიონი ლარი გამოყო. პროგრამა მიმართულია იმ ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე, რომლებიც რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ფლობენ. სწორედ მიწის რეგისტრაცია არის დახმარების გაწევის ძირითადი ფაქტორი. დავითაშვილის განცხადებით, ამ პროგრამის წყალობით დაახლოებით 200 ათასი ფერმერი დამატებითი შეღავათებით სარგებლობს.

132 ათასზე მეტ ფერმერს, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე ფართობის დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, აგრობარათებზე უკვე დაერიცხათ აგროქულები - 1 ჰექტარზე 200 ლარი. აგრობარათებით ფერმერებს შეუძლიათ სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენა, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდა.

დარიცხული სუბსიდიის ოდენობა უკვე 30 მლნ ლარს აჭარბებს, ხოლო ფერმერებმა სპეციალიზებულ მაღაზიებში უკვე 24,3 მილიონ ლარზე მეტი გაანაღდეს, აღნიშნა დავითაშვილმა. აგროქულების დარიცხვა დღესაც გრძელდება.

სახელმწიფო პროგრამა „აგროდიზელის“ ფარგლებში 32 ათასი ტონა დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შესაძენად ბარათები 123,7 ათასზე მეტმა ფერმერმა მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად 5,2 მლნ ლარამდე დაზოგეს.

სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან 35 ათასამდე ფერმერი გათავისუფლდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში წყალმომხმარებლებს (42 ათას ფიზიკურ და იურიდიულ პირს) სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება (8 მლნ ლარამდე). ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰექტრამდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდნენ. კომპანია „საქართველოს მელიორაციის“ მონაცემებით, 2 დეკემბრის მდგომარეობით, 34,6 ათასმა ფერმერმა უკვე 3,8 მილიონ ლარზე მეტი ეკონომია გააკეთა.

აგრარული სექტორის განვითარება

დავითაშვილმა აგრარული წარმოების გაძლიერების მიმართულებით უწყების მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების მიზნით ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების დაფინანსებას ნერგების შესაძენად, კონკურენტუნარიანი და თანამედროვე მეურნეობების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. პროგრამის ამოქმედებიდან ახალი ბაღები გაშენდა 10,5 ათას ჰექტარზე.

გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს იმ ფერმერების დახმარებასაც, ვისი ნარგავებიც სტიქიის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა. ისინი ახალ, ხარისხიან ნერგებს მიიღებენ.

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარების დამატებით პაკეტზე მუშაობს

წელს მრავალწლიანი კულტურები 2 ათას ჰექტარზე დაირგო. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა.

მასშტაბური პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ რეალიზაციის წყალობით აგრომეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსები.

პირველადი საწარმოო, გადამამუშავებელი და შესანახი პროცესების გასაუმჯობესებლად შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დაწყების დღიდან გაიცა საერთო ჯამში 2,7 მილიარდი ლარის ღირებულების 46,4 ათასი კრედიტი. სააგენტოს თანადაფინანსებამ 379,3 მილიონი ლარი შეადგინა. 

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ წყალობით სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში მობილიზებულია 300 მილიონი ლარი. 2020 წლის განმავლობაში 372 მილიონი ლარის ოდენობით 6,2 ათასი კრედიტი გაიცა. სააგენტოს თანადაფინანსებამ 64,3 მილიონი ლარი შეადგინა.

პროექტს შეუერთდა 13 ბანკი და 4 სალიზინგო ორგანიზაცია.

გარდა ამისა, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაიცა 17,5 ათასი პოლისი. ამ დროისთვის დაზღვეულია 18 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი, რაც 31%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

  • აგროდაზღვევა არის მექანიზმი, რომელიც მოსავლის შენარჩუნებისა და სტიქიით გამოწვეული ზარალის კომპენსაციის შესაძლებლობას იძლევა.

ბოლო ექვს წელიწადში ფერმერებისთვის ანაზღაურებული ზარალის მოცულობამ 44 მილიონ ლარს გადააჭარბა.

დავითაშვილმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 16 ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს შექმნას. საინვესტიციო ღირებულება 19 მილიონ ლარს ასცდა.

საქართველოში რთველი-2020 რეკორდული მაჩვენებლით დასრულდა

რთველის წარმატება

პანდემიის პირობებში სოფლის მეურნეობის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იყო ყურძნის მოსავლის აღება და ჩაბარება. ქვეყანაში მოიკრიფა და გადამუშავდა 280 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მოსავალი 25 ათასზე მეტმა ფერმერმა ჩააბარა, მათმა შემოსავალმა თითქმის 310 მილიონი ლარი შეადგინა.

საქართველოს მევენახეების მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ გადაწყვიტა ორი ჯიშის ყურძნის - რქაწითელის და კახური მწვანის სუბსიდირება.

სუბსიდიები მიიღეს ღვინის კომპანიებმა, რომლებმაც ამ ჯიშის არანაკლებ თითო ტონა ყურძენი ჩაიბარეს და გადაამუშავეს. ამასთან, ღვინის ქარხნებისთვის დაწესდა ფიქსირებული შესასყიდი ფასი - არანაკლებ 80 თეთრი ერთ კილოგრამზე. სახელმწიფო სუბსიდიამ შეადგინა 30 თეთრი ერთ კილოგრამზე. სუბსიდირების მოცულობამ 51 მილიონ ლარს მიაღწია.

რეკორდული ექსპორტი

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ქართული პროდუქციის ექსპორტის ტემპი რეკორდული სისწრაფით იზრდება.

2020 წელს, 13 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია:

  • ატამი და ვაშლატამა - 25,3 ათასი ტონა. ექსპორტიდან შემოსავალმა შეადგინა 21,3 მილიონი დოლარი.
  • ვაშლი - 6,7 ათასი ტონა. შემოსავალი ექსპორტიდან - 2,9 მლნ დოლარი.
  • თხილი - 12,7 ათასი ტონა. შემოსავალი ექსპორტიდან - 65,7 მლნ დოლარი.
  • ხურმა და კოროლიოკი - 10,8 ათასი ტონა. შემოსავალი ექსპორტიდან - 5,7 მლნ დოლარი.
  • მანდარინი - 16 ათასი ტონა. შემოსავალი ექსპორტიდან - 7,7 მლნ დოლარი.
  • ლურჯი მოცვი - 674 ტონა. შემოსავალი ექსპორტიდან - 3,8 მლნ დოლარი.

რაც შეეხება ქართული ღვინის ექსპორტს, დავითაშვილის სიტყვებით, შემოსავალი შემცირებულია, რაც გასაკვირი არ არის, პანდემიით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის გათვალისწინებით.

როგორ ვაჭრობს საქართველო პანდემიის პერიოდში

საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად მარკეტინგული საქმიანობა გრძელდებოდა დისტანციურად, ონლაინ-დეგუსტაციებისა და ონლაინ-პლატფორმების გამოყენებით გააქტიურდა რეკლამა ღვინით ონლაინ-ვაჭრობის რეიტინგულ ვებგვერდებზე, ტელევიზიასა და რადიოში, სხვადასხვა სოციალურ ქსელში ქართული ღვინის სარეკლამო გვერდები შეიქმნა.

გარდა ამისა, შეიქმნა „მცირე მარნების დახმარების პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც 1,5 ათასამდე ღვინის ბოთლი რამდენიმე ათეული მცირე მეღვინეობიდან, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალდნენ, დაეგზავნა იმპორტიორებს მთელ მსოფლიოში.