თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი პროცესი დაიწყო

განსასჯელის სკამი სასამართლოს დარბაზში ცარიელია – ზურაბ ადეიშვილი, რომლის მიმართ საქართველოში სხვადასხვა საქმეზე არაერთი განაჩენია გამოტანილი, უცხოეთში იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განახლდა პროცესი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე, რომელშიც მთავარი ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ექს-მინისტრი ზურაბ ადეიშვილია.

საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის ცნობილ მოვლენებს, როდესაც ოპოზიცია მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს ატარებდა. ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა მანიფესტანტებს – მაშინ დაახლოებით 500 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი იყო რამდენიმე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი კობა დავითაშვილი. ის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. ორდღიანი ძებნის შემდეგ პოლიტიკოსი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით იპოვეს, რამაც ის შემდგომში ინვალიდის ეტლამდე მიიყვანა.

აფრასიძეების საქმე: 16 წლის შემდეგ ოჯახი სამართლიანობასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს

კობა დავითაშვილი ახლახან, 2 დეკემბერს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2017 წელს პოლიტიკოსს დაუდგინეს ბეხტერევის დაავადება. როგორც თავად დავითაშვილი აცხადებდა, უკურნებელი და იშვიათი დაავადება მას 2007 წელს მიღებული ტრავმების შედეგად განუვითარდა.

ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც საქართველო 2013 წელს დატოვა, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაშია ბრალდებული. სხვა მაღალჩინოსნები ამ საქმეზე 2017 წელს გაასამართლეს.

საქმის პროკურორის შოთა კაკულიას თქმით, ბრალდების მხარემ დაახლოებით ერთი წლის წინ დაასრულა მტკიცებულებების შესწავლა და მას შემდეგ, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო განხილვა ხუთჯერ გადაიდო.

„რაც შეეხება ადეიშვილის საქმეს, არის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, დასკვნა ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ, ასევე მოწმეთა ჩვენებები, რაც ერთობლიობაში გვაძლევს მოლოდინს, რომ ადეიშვილის მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა შოთა კაკულიამ.

სუს-ი შეისწავლის სააკაშვილის და ადეიშვილის საუბრის აუდიოჩანაწერს უკრაინული ვებგვერდიდან

გამოძიება ამტკიცებს, რომ დავითაშვილის გატაცების ორგანიზება მოახდინეს ადეიშვილმა და დავით ქარსელაძემ, რომელიც მაშინ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.

ამასთან, ადეიშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე თვითაცილების შესახებ განაცხადა. მან უარი განაცხადა ყოფილი გენპროკურორის დაცვაზე. მიზეზი, ბასილიას თქმით, მას და კლიენტს შორის არსებული უთანხმოებაა.

„ბუნებრივია, მქონდა კომუნიკაცია ადეიშვილთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ პოზიციებზე არ გვქონდა შეჯერებული აზრი. ორივე მივედით იმ აზრამდე, რომ უნდა ჩამოვშორდე ამ საქმეს. მოხდა შეუთავსებლობა გარკვეულ პოზიციებზე“, – განაცხადა ბასილიამ.

მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.