COVID-19-მა რეფორმების ჩატარებას ხელი ვერ შეუშალა - ივანე მაჭავარიანის 2020 წლის ანგარიში

გამოსვლის დროს მაჭავარიანმა 2020 წელს უჩვეულო უწოდა და აღნიშნა, რომ პანდემიამ მთელი მსოფლიო რადიკალურად შეცვალა
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიაზე საპასუხოდ, საქართველომ შეძლო საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც ჯანსაღი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შედეგია, რომლებიც ქვეყანას COVID-19-მდე ჰქონდა, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე მაჭავარიანმა უწყების ანგარიშის პრეზენტაციაზე.

გამოსვლის დროს მაჭავარიანმა 2020 წელს უჩვეულო უწოდა და აღნიშნა, რომ პანდემიამ მთელი მსოფლიო რადიკალურად შეცვალა. ამიტომ, პრეზენტაციისას მან ყურადღება გაამახვილა უწყების მიერ პანდემიაზე საპასუხოდ განხორციელებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

საბიუჯეტო პარამეტრებზე საუბრისას, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 8.5%-მდე გაიზარდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

დონორების დახმარება

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში, კორონავირუსთან საბრძოლველად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში გაზრდილი თანხები მიიღო. მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან მარტში დაიწყო და ერთობლივად შემუშავდა ფისკალური ჩარჩო, რომელსაც საქართველოს ეკონომიკა პანდემიის პერიოდში ემყარება.

2020 წელს სახელმწიფოების ვალი რეკორდულად გაიზარდა

„აპრილში წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და ვიყავით პირველი ქვეყანა, რომლის ანტიკრიზისული პროგრამა დაამტკიცა სავალუტო ფონდმა. ამის წინაპირობა იყო გასული წლების გამართული ფისკალური პოლიტიკა და სავალუტო ფონდის მხრიდან ხელისუფლებისადმი მაღალი ნდობა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მან აღნიშნა, რომ სწორედ სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებების შედეგად საქართველომ მიიღო პარტნიორი დონორი ორგანიზაციების სწრაფი და მოცულობითი მხარდაჭერა. ამ ეტაპზე ხელმოწერილი შეთანხმებების ჯამური მოცულობა 1.9 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საქართველო პირველ ადგილზეა პანდემიის პერიოდში დონორი ორგანიზაციების დახმარებების მოცულობით ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით.

ჯანდაცვა, მოსახლეობა, ბიზნესი - რაში იხარჯება ფული

ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები მოხმარდა ჯანდაცვის სექტორის მხარდასაჭერად, ასევე პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად.

ჯანდაცვის დაფინანსება 420 მილიონ ლარზე მეტად გაიზარდა.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებაში დაეხმარება

„აქ მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის კოვიდ-პროექტიც, რომლის ფარგლებში წარმატებით ხორციელდება პანდემიის მართვა, და საჭირო შესყიდვების უმეტესობა პირდაპირ მწარმოებლებთან ხორციელდება. დაგეგმილია აღნიშნული პროექტის გაფართოება. უკვე მიმდინარეობს სამუშაოები ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად და ლოგისტიკის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მოსახლეობის დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 1,2 მილიარდი ლარი გამოიყო. ქვეყნის 1,7 მილიონი მოქალაქე იღებს სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას ამ სახსრებიდან, ხოლო 2,5 მილიონამდე მოქალაქე სარგებლობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით.

1,2 მილიარდი ლარი გამოიყო დაქირავებული თანამშრომლების, თვითდასაქმებული, სოციალურად დაუცველი ჯგუფების, 18 წლამდე ბავშვებისა და სტუდენტების დასახმარებლად. მიზანი იყო პანდემიით დაზარალებული მოსახლეობის ყველა კატეგორიის მაქსიმალურად დაფარვა.

ბიზნესის დასახმარებლად 1.6 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყო. განხორციელდა მოგებისა და ქონების გადასახადის შეღავათები, რომლითაც 425 ათასზე მეი სამუშაო ადგილზე 33 ათასზე მეტი კომპანია სარგებლობს.

რეგისტრაცია 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად დღეიდან იწყება >>

დახმარება გაეწია ტურიზმის, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს. კერძო სექტორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა და ამავდროულად, კომერციულ ბანკებში უზრუნველყოფილი იქნა ლარის გრძელვადიანი ლიკვიდურობა.

საგადასახადო ადმინისტრირება

მაჭავარიანის თქმით, 2020 წლის განმავლობაში 50 ათასზე მეტ გადამხდელს სხვადასხვა ფორმით ჯამურად გადაუვადდა 400 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება.

საქართველოში საშემოსავლო და ქონების გადასახადი 2021 წლის 1 იანვრამდე გადავადდა

შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შეიქმნა ახალი ელექტრონული სისტემები, რამაც შეუფერხებლად უზრუნველყო კომპენსაციების გაცემა და საგადასახადო შეღავათების გამოყენება.

მაჭავარიანმა განსაკუთრებით აღნიშნა შემოსავლების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაო. უწყებამ განახორციელა ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფისკენ.

სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მოეწყო 11 საიზოლაციო სივრცე, სადაც მაღალი რისკ-ჯგუფის მქონე პირების გადაყვანა ხდება (მათ ვისაც უფიქსირდებათ ვირუსით ინფიცირების სიმპტომები); ასევე დამონტაჟდა დისტანციური თერმოსკანერები და თერმოსკრინინგი უტარდება საქართველოში შემომსვლელ ყველა პირს.

საქართველოში გადასახადების გადამხდელებს 811 მილიონი ლარის დღგ-ის ზედმეტობა დაუბრუნდა

სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში დამონტაჟდა 14 საველე კარავი, სადაც ხორციელდება საქართველოში შემომსვლელი პირების ტესტირება. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მუშაობა დაიწყო სპეციალურად შექმნილმა ეპიდემიოლოგების ჯგუფმა, რომელიც 28 ეპიდემიოლოგით და 50 ოპერატორით დაკომპლექტდა, დაიწყო საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლთა ტესტირება. ტესტირებულ მძღოლთა რაოდენობა შეადგენს 146 700 ადამიანს, საიდანაც ინფიცირების 3 260 შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, გაფართოვდა ელექტრონული სერვისების არეალი, რომელთა ფარგლებში საბაჟო გაფორმების პროცედურები დისტანციურად ხორციელდება.

ეკონომიკური ზრდის რეფორმები

17 ნოემბრიდან გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით გადასახადის გადამხდელის დღგ-ის დაბრუნების მოდულში ასახული ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხა დაიბრუნონ ავტომატურად, მოთხოვნის წარმოდგენის გარეშე, მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

პირველივე თვეში სიახლით ისარგებლა 10 000-ზე მეტმა გადამხდელმა და დაბრუნდა 165 მლნ ლარზე მეტი.

პენსიების ზრდა

მაჭავარიანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა პენსიების 20 ლარით გაზრდას. გარდა ამისა, პენსიონერები, რომლებიც 70 წელს ზემოთ ასაკის არიან, 50 ლარით მეტს იღებენ. დღეს საქართველოში პენსია 220 ლარს შეადგენს, ხოლო 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის - 250 ლარს.

2021 წლის 1 იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და მათი პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია ინფლაციის გათვალისწინებით გაიზრდება, ხოლო 70 წელს ზემოდ ასაკის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.

მნიშვნელოვანი გამოწვევები

საშუალოვადიან გამოწვევებს შორის მაჭავარიანმა დაასახელა სახელმწიფო ვალის შემცირება, დეფიციტის შემცირება, კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება მშპ-ს 8%-ზე, საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობა, ფისკალური რისკების შემცირება და ასევე სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა.

როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრანშს და რას მოხმარდება თანხა >>

მთავრობის ვალის მაჩვენებელმა მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც, მაჭავარიანის თქმით, საგანგაშო არაა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა სიფრთხილე, რათა მომდევნო წლებში ეს ვალი არ გაიზარდოს. უახლოეს 4-5 წელიწადში ქვეყანამ უნდა ეცადოს მისი თანდათანობით შემცირება, რათა მორიგი მსოფლიო კრიზისის დროს კვლავ სახსრების მობილიზება შეძლოს.