რუსკა მაღლაკელიძე ცხოველების გამოსახულებით გულსაბნევებს ამზადებს. როგორც რუსკა ამბობს, იდეა ინოვაციური არ არის, მსგავსი ნამუშევრები არაერთ ქვეყანაში იქმნება. ამის მიუხედავად მისმა ცხოველებმა მაინც დიდი სიყვარული და აღფრთოვანება დაიმსახურეს. თითოეული ცხოველი ექსკლუზიურია და არ მეორდება.
- გაეცანით ჩვენს მკითხველს...
- პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე ფილოლოგი ვარ. ვარ ორი გოგონას და სამი ფისუნიას დედა. ცხოველები ჩემი უსაზღვრო სიყვარულია. მიყვარს ცეკვა, მოგზაურობა, მუსიკა და ყველაფერი ლამაზი სამყაროში.
- ხელსაქმით როდის დაინტერესდით და როგორ შეიწავლეთ?
- ინტერესის გამო ალბათ თითქმის ყველაფერი მაქვს ნაცადი. მშრალი თელვის ტექნიკით დაინტერესება კი ისევ და ისევ ცხოველების სიყვარულმა გამოიწვია. საოცარი ოსტატების ნახელავს გადავაწყდი ინტერნეტში. გავარკვიე როგორ იყო შესრულებული და ჩავუღრმავდი ამ სფეროს, მოვიძიე ინფორმაცია და თავად შევისწავლე ყველაფერი. დღემდე ვსწავლობ და ვიხვეწები.
- საოცრად ლამაზ ცხოველებს ქმნით, გაგვაცანით ისინი...
- დიდი მადლობა. მათი შექმნა დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე. მასალა არის მირინოსის მატყლი. ძირითადად ჯიბის ბროშებს ვქმნი, ანუ იმის იმიტაციას ქმნიან, თითქოს ჯიბიდან იმზირებიან. ზოგს სულაც სძინავს ჯიბეში და ა.შ. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ჩემი იდეა-გამოგონება არ არის, ყველგან ქმნიან მსგავს ნამუშევრებს.
- თქვენი თოჯინები ძალიან კეთილად იმზირებიან. მუშაობის პროცესში ნამუშევრებზე თქვენი ხასიათი და განწყობა თუ ახდენს გავლენას?
- თითოეული მათგანი ძალიან თავისებური და ერთმანეთისგან განსხვავებულია, ამიტომაც ავირჩიე სახელი „უნა“, ერთია და ვეღარ მეორდება. ხალისიან განწყობაზე სევდიანი ცუგაც გამომსვლია და სევდიან განწყობაზე – მხიარული მელაკუდაც. ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი.
- რამდენად საინტერესოა თქვენთვის მუშაობის პროცესი, ყოველთვის კმაყოფილი ხართ შედეგით?
- ძალიან საინტერესოა, რადგან თვითონაც არ ვიცი ვინ გამოვა და როგორი. შედეგით კმაყოფილი ყოველთვის არ ვარ, ყოფილა შემთხვევა ფიგურა ვერ დამიმორჩილებია, თუმცა არ ვნებდები. გზადაგზა ვიხვეწები და უკეთესი შედეგის მოლოდინი მაქვს.
- მხოლოდ ცხოველებით შემოიფარგლება თქვენი ხელოვნება თუ სხვა ნივთებსაც ქმნით?
- ზოგადად ხელოვნება ჩემთვის უცხო არ არის, დედა მხატვარი მყავს, და – მხატვარი-დიზაინერია. თექით პეიზაჟიც გამიკეთებია, ხატვაც მეხერხება და თიხაც მიტაცებს.
- სად იყიდება თქვენი ნამუშევრები?
- როგორც უკვე აღვნიშნე, დიდი ხანი არ არის, რაც ამ საქმიანობით დავკავდი, მხოლოდ „ფეისბუქზე“ და „ინსტაგრამზე“ მაქვს გვერდები.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- უამრავი იდეა და ჩანაფიქრი მაქვს, მხოლოდ ჯიბის გულსაბნევებით არ მინდა შემოვიფარგლო, ამიტომ ახლო მომავალში საინტერესო სიახლეებს შევთავაზებ ცხოველების მოყვარულ ხელოვანებს.