თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ The Washington Post-მა ყველაზე ცნობილ და ნიჭიერ ქართველ მოჭადრაკეებს სტატია მიუძღვნა. სტატიის სახელწოდებაა „ქართველი ქალები მართავდნენ ჭადრაკს საბჭოთა ეპოქაში. ახალი თაობა „დედოფლის გამბიტის“ ისეთივე დიდებისკენ იღვწის“.
ავტორი ინა ლაზარევა სტატიას იწყებს 17 წლის კატო ფიფიას წარმატებაზე საუბრით, რომელმაც 2020 წლის ოქტომბერში ჭადრაკის მსოფლიო სასკოლო ონლაინ-ჩემპიონატში გაიმარჯვა. ლაზარევა დარწმუნებულია, რომ ქართველი მოჭადრაკეების ახალი თაობა ისეთივე სახელს მოიხვეჭს, როგორიც თავის დროზე ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა მოიხვეჭა.
„ათწლეულების განმავლობაში პატარა საქართველო ინარჩუნებს დიდ წონას მსოფლიოს საჭადრაკო არენაზე. ქართველ ქალებს ბილიკი გაუკვალა მათმა საკუთარმა გმირმა ნონა გაფრინდაშვილმა, რომლის აღმასვლა საჭადრაკო სამყაროს მწვერვალებისკენ ცივი ომის ეპოქაში პარალელს პოულობს გამოგონილ პერსონაჟ ბეთ ჰარმონთან „დედოფლის გამბიტიდან“, - წერს The Washington Post.
გაფრინდაშვილი 1978 წელს ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო. 79 წლის მოჭადრაკე კვლავაც მონაწილეობს ტურნირებში. მან გაიმარჯვა 65 წლისა და უფროსი ასაკის მოჭადრაკეთა კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც 2019 წელს ბუქარესტში გაიმართა. იგი არის გოგონების ახალი თაობის შთაგონების წყარო ქვეყანაში, სადაც ჭადრაკის ჩემპიონებს შეუძლიათ ვარსკვლავის სტატუსის მიღება“.
სტატიის ავტორს არც მაია ჩიბურდანიძე დავიწყებია, რომელიც ბავშვობაში გაფრინდაშვილს აღმერთებდა, მაგრამ 1978 წელს დაამარცხა იგი და მოიპოვა ქალთა შორის ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, რომელსაც 13 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. ჩიბურდანიძე გაფრინდაშვილის შემდეგ მეორე მოჭადრაკე ქალი გახდა, რომელმაც დიდოსტატის წოდება დაიმსახურა.
კიდევ ერთი წარმატებული მოჭადრაკე, რომელზეც WP წერს, არის ნანა ალექსანდრია - საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკე ქალთა შორის. იგი „საერთაშორისო დიდოსტატის წოდების“ მფლობელი გახდა.
WP ასევე ახსენებს ნანა იოსელიანს, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საჭადრაკო ოლიმპიადებზე, გუნდური ჩათვლით ის ხუთჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1980 და 1982 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრებში, 1992, 1994 და 1996 წლებში კი — საქართველოს ნაკრებში), თითოჯერ კი მეორე (2002) და მესამე (1998) პრიზიორი გახდა.
ნანა ასევე საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1981, 82, 86, 87) და გოგონებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონია (1978, 79).
1978 წელს ბუენოს-აირესში უნდა გამართულიყო საჭადრაკო ოლიმპიადა. „ბუენოს-აირესის თვითმფრინავის აფრენამდე ერთი საათით ადრე, გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მოჭადრაკე ნანა იოსელიანი (16 წლის) საბჭოთა ჩინოვნიკებმა რუსი მოჭადრაკით შეცვალეს”, - მოჰყავს გამოცემას ალექსანდრიას მოგონება.
The Washington Post მკითხველს აცნობს კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს - 80-90-იან წლებში საქართველოში ახალშობილ გოგონებს ხშირად არქმევდნენ სახელად ნონას, ნანას ან მაიას. იმის დასტურად, თუ რაოდენ პოპულარობით სარგებლობდა ჭადრაკი საქართველოში, მთხრობელი მკითხველს უყვება დიდოსტატ ნანა ძაგნიძის შესახებ, რომელსაც მამამ ლეგენდარული ნანა ალექსანდრიას პატივსაცემად დაარქვა სახელი.
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის სერიალში და სცენარისტების შეცდომა >>
The Washington Post საუბრობს იმ სირთულეებზე, რომლებსაც მოჭადრაკეები კორონავირუსის პანდემიის დროს გადააწყდნენ. „ვიდრე პანდემია ბობოქრობს, საათი გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილ თბილისის უზარმაზარ ჭადრაკის სასახლეში დუმს. ოდესღაც მაყურებლით გადავსებული დარბაზი ცარიელია. გაყვითლებული პლაკატები მტვრითა და ობითაა დაფარული“, - წერს ავტორი.
დასასრულს სტატიის ავტორს მოჰყავს ჭადრაკის ლეგენდარული დედოფლის, ნონა გაფრინდაშვილის სიტყვები: „ჩემთვის ჭადრაკი ჩემი ცხოვრებაა“.