„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ფრაქცია შექმნა

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე გახდა მამუკა მდინარაძე, ხოლო მისი მოადგილეები – გივი მიქანაძე, ნინო ლაცაბიძე, ბექა დავითულიანი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე და ირაკლი ჩიქოვანი.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პარლამენტში უმრავლესობის სხდომა გამართა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩია.

ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეიქმნა „ქართული ოცნების“ ფრაქცია.

„ერთ პარტიას საშუალება აქვს, რომ ერთი ფრაქცია შექმნას. შესაბამისად, 90-დეპუტატიანი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქციას მე ვუხელმძღვანელებ. დღეს ავირჩიეთ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები. რეგლამენტის თანახმად, ყოველ 15 დეპუტატზე უნდა იყოს ერთი მოადგილე. ესენი იქნებიან გივი მიქანაძე, ნინო ლაცაბიძე, ბექა დავითულიანი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე და ირაკლი ჩიქოვანი“, – განაცხადა მდინარაძემ.
„დემოკრატიის დაკრძალვა“: ოპოზიციის საპროტესტო აქცია პარლამენტთან – ვიდეო

დღეს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს პარლამენტმა ერთხმად, 88 ხმით მიიღო დადგენილება მეათე მოწვევის პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ. 

პირველ სხდომას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, 150 დეპუტატიდან 88 დეპუტატი ესწრება – მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. მმართველი გუნდის კიდევ ორი დეპუტატი ანრი ოხანაშვილი და ირაკლი სესიაშვილი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილები თავისუფალია. პარლამენტში მოხვედრილი რვავე ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ქვეყნის წინაშე ერთგულების ფიცი დადეს. 

ამის შემდეგ საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მეთაურობით ავტომატურად გადადგა.

სხდომას არ ესწრება არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულად მიიჩნიეს.

ოპოზიცია ხელს აწერს მემორანდუმს მეათე მოწვევის პარლამენტის მანდატებზე უარის შესახებ

მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომის პარალელურად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში სადეპუტატო მანდატებზე უარი საჯაროდ მემორანდუმზე ხელმოწერით განაცხადეს.

აღნიშნულ მემორანდუმს ხელი არ მოაწერა პარლამენტში შესულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩმა“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და „მოქალაქეებმა“. მიუხედავად ამისა, ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.