პატრიარქი, ჯარი, პოლიცია, პარლამენტი, სასამართლო – პრეზიდენტმა ინსტიტუციები დაიცვა

სახელმწიფო ძლიერი მაშინ არის, როდესაც მას აქვს ძლიერი ინსტიტუტები და დღევანდელი თავდასხმა ყველა ინსტიტუტზე სახელმწიფოსთვის დესტრუქციულია, განაცხადა პრეზიდენტმა.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. დემოკრატიისა და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ მანდატზე, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგა

მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომას 150-დან ესწრება 90 დეპუტატი – მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილი თავისუფალია. პარლამენტში მოხვედრილი რვავე ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

სხდომას ოპოზიციური პარტიების არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრება. მათი უმრავლესობა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში შეიკრიბა, სადაც მანდატებზე უარი საჯაროდ გააფორმეს.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა, რამეთუ პასუხისმგებლობა ყველასგან მოითხოვს, რომ დღეს, ამ ვითარებაში ვიყოთ ერთად და გამოვიყენოთ ყველა ჩვენი შესაძლებლობა. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭირო არის და ეს პარლამენტი იქნება ის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფო ძლიერი მაშინ არის როდესაც მას აქვს ძლიერი ინსტიტუტები, ხოლო დღევანდელი თავდასხმა ყველა ინსტიტუტზე სახელმწიფოსთვის დესტრუქციულია.

პატრიარქი, რომელიც ჩვენი სულიერი ენერგიისა და ეროვნული სიმხნევის წყაროა; ჩვენი ეკლესია, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გადაარჩინა ქართველი ერის იდენტობა და ერთიანობა, გზა გაუხსნა დამოუკიდებლობას. მათი დისკრედიტაცია ჩვენი სულიერი სიმტკიცის შერყევას ემსახურება!“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი: „დავიღალეთ“ ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვით

მისივე თქმით, ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა ეწინააღმდეგება ჩვენს სტრატეგიული მიზნებს, კერძოდ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მიზანმიმართული კამპანიით, დამახინჯებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვებით ჯარსა და უმაღლეს მთავარსარდალს შორის უნდობლობის დათესვა ჯარის დემორალიზაციას ემსახურება.

ჯარი, რომელიც სახელმწიფოს საყრდენია, ღირსებისა და ეროვნული სულისკვეთების განსახიერებაა. საქართველოს ხვალინდელი დღე სწორედ ღირსეულ, თანამედროვე და ძლიერ ჯარზე გადის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი პოლიციის როლსაც შეეხო.

პოლიცია, რომელიც იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და მშვიდობას ქვეყანაში. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი და რთულია მისი როლი და უნდა გვესმოდეს, რამდენად დამანგრეველია ქვეყნისთვის პოლიციელის შეურაცხყოფა, მასზე მორალური ზეწოლა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, პარლამენტის შეურაცხყოფა – იქნება ეს გავრილოვის დასმით თუ საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებით ან კიდევ პარლამენტის ხელჩართული ბრძოლის არენად ქცევით – საქართველოს ისტორიის შეურაცხყოფაა.

თავის გამოსვლაში სალომე ზურაბიშვილი სასამართლო სიტემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული ნაკლოვანებებისა და რეფორმის გაგრძელების აუცილებლობისა, არასწორია სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ეს ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დამკვიდრებას.

„მართალია, ჩვენი სასამართლო ჯერ ვერ აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. მაგალითად, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უვადოდ მოსამართლეების გამწესებისთვის მზად ჯერ არ იყო და დღესაც ბევრი რამ დამაკმაყოფილებელი არ არის. ამავე დროს უნდა დავინახოთ განვლილი გზაც: რეფორმის ოთხი ეტაპი განხორციელდა. გაზრდილია მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული დავების რაოდენობა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოში შემცირებულია მიმართვიანობა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მინუს ოთხი: ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს

პრეზიდენტის ინსტიტუტზე საუბრისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მასზე შეურაცხყოფა და ცილისწამება, თუნდაც ყოველდღიური, არ მოქმედებს.

„არ ვპასუხობ და უარს ვერ მათქმევინებს ინაუგურაციაზე დადებულ პირობაზე: ვიყო „ყველას პრეზიდენტი“. თუმცა, ნათელია, თუ რას ემსახურება ასეთი სისტემატური თავდასხმა პრეზიდენტის პერსონაზე, სიტყვაზე თუ ქმედებაზე და მიზანში ამოღება მისი უფლებამოსილებების: უმაღლესი მთავარსარდლობის, საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენლობის თუ შეწყალების უფლების. მიზანია – შესუსტდეს ქვეყნის გარეთ სახელმწიფოს ავტორიტეტი და სახე, შიგნით კი – ერთიანობის სიმბოლო. ეს მე კი არ მაზიანებს, ყველას ერთად გვასუსტებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით, 30 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩია.

მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციამ დღეს გააფორმა ერთობლივი მემორანდუმი, რომელსაც ხელი არ მოაწერა ოთხმა პარტიამ – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, „გირჩმა“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და „მოქალაქეებმა“.