თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას დიპლომატებთან კონსულტაციის შემდეგ მივიღებთ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა ვიცე-სპიკერები დაამტკიცა>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით, 30 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩია. პარლამენტში მოხვედრილი რვავე ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს. გუშინ მმართველ პარტიასა და პარლამენტში შესულ რვა ოპოზიციურ პარტიას შორის მოლაპარაკებთა მეხუთე რაუნდი იყო დაგეგმილი, სადაც შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები უნდა განხილულიყო, თუმცა მოლაპარაკებები გადაიდო.
„ჩვენ გვექნება კონსულტაციები პირველ რიგში დიპლომატებთან, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში. მათი აზრი, რა თქმა უნდა, საინტერესოა და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.
დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის პროტესტის ფონზე ჩატარდა. სხდომათა დარბაზში ცარიელი იყო ოპოზიციონერი დეპუტატების სკამებიც.
კობახიძის თქმით, დღეს იყო მნიშვნელოვანი დღე და მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატებმა ყველა საორგანიზაციო საკითხი განიხილეს.
„დაკომპლექტდა საქართველოს პარლამენტი, ავირჩიეთ თანამდებობის პირები და ეს არის კარგი სასტარტო საფუძველი იმისთვის, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტმა იმუშაოს წარმატებით შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
გუშინდელი მოლაპარაკებების ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პოზიცია გახდა, რომელმაც ოთხშაბათს განმარტა, თუ რა შემთხვევაში დაეთანხმება რიგგარეშე არჩევნების გამართვას. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროებითი საპარლამენტო კომისია ხმებს გადაითვლის და დაადგენს არჩევნების შედეგების თუნდაც 1%-იან შეუსაბამობას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას შეძლებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტები და საპარლამენტო ოპოზიცია.
გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილოს ოპოზიციური პარტიების სურვილი, დატოვონ პარლამენტი, და შეუწყვიტოს მათ სახელმწიფო დაფინანსება. ამასთანავე პირობა დადო, რომ მიიღებს კანონს, რომელიც აუკრძალავს ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში მონაწილეობას მისი დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო.