თბილისი, 10 დეკემბერი ― Sputnik. კორონავირუსზე რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-თი აცრილმა მოხალისეებმა განაცხადეს, რომ მათ ორგანიზმში ანტისხეულების სხვადასხვა დონე გამოვლინდა ― ზოგ მათგანს ნორმაზე ოთხჯერ მაღალი დონე აღმოაჩნდა, ზოგს იმუნოგლობულინები საერთოდ არ გამოუმუშავდა, იუწყება РИА Новости.
სააგენტო შვიდ ვაქცინირებულს დაუკავშირდა და გაესაუბრა მათ. გაირკვა, რომ მათ ვაქცინა „სპუტნიკ V“ პოსტრეგისტრაციული კვლევების ფარგლებში არ გაკეთებიათ, ამიტომ პლაცებოს შეყვანა გამორიცხულია.
ანტისხეულებზე ტესტები მათ მეორე ვაქცინაციიდან სამი კვირის შემდეგ აუღეს. ანალიზმა აჩენა, რომ პირველ ვაქცინირებულში ანტისხეულ IgG-ს დონე 40,74 ერთეულს შეადგენდა ერთ მილილიტრზე, მაშინ, როცა ნორმა 10,00 ან ნაკლებია. მეორე ვაქცინირებულის სისხლში 20,00 ერთეული გამოვლინდა მილილიტრზე, ხოლო მესამეში ― 14,60 ერთეული. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი ერთნაირი სატესტო სისტემებით გამოიკვლიეს.
კიდევ ორმა ვაქცინირებულმა განაცხადა, რომ ანტისხეულების შესახებ ინფორმაცია სხვა ტესტების მეშვეობით შეიტყვეს. ერთ მათგანში ანტისხეულების დონე 15 ერთეულს აღწევდა (ნორმა 1,1), მეორეში კი 17,57-ს (ნორმა 0,8).
ეპიდემიოლოგმა ელენა ტივანოვამ სააგენტოს განუმარტა, რომ ანტისხეული G კორონავირუსით ინფიცირებისგან იცავს ორგანიზმს.
„ახლა უკვე დარეგისტრირებულია ანტისხეულების საკმაოდ ბევრი ტესტ-სისტემა. ამ ნაკრებების ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ ჯერჯერობით არ შეგვიძლია შევადაროთ სხვადასხვა ტესტ-სისტემებით მიღებული შედეგები, ვინაიდან ერთიანი სტანდარტები ჯერ არ არსებობს“, ― დააზუსტა სპეციალისტმა.
ერთ-ერთმა ვაქცინირებულმა სააგენტოს განუცხადა, რომ აცრიდან სამი კვირის შემდეგ მას ანტისხეულები ნორმაზე ოდნავ მეტი ჰქონდა, თუმცა რამდენიმე დღეში მათი რაოდენობა თითქმის ორჯერ შეუმცირდა.
„როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ მანამდე განაცხადა, რომ თუ ადამიანს ანტისხეულების ტიტრი უქვეითდება, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის დაცული არ არის. საქმე ისაა, რომ მას კვლავაც უნარჩუნდება იმუნიტეტის მახსოვრობის უჯრედები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ანტისხეულების კვლავ გამომუშავებას იწყებს.
РИА Новости-ს მიერ გამოკითხულთა შორის აღმოჩნდა ორი ისეთიც, რომლებსაც ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულები არ გამომუშავებიათ. უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს შუალედური ანალიზის თანახმად, მისი ეფექტურობა 95%-ზე მაღალია პირველი აცრიდან 42-ე დღეს.
„სპუტნიკ V“ მსოფლიოში პირველი ვაქცინაა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის. ჯანდაცვის სამინისტრომ ის აგვისტოს შუა რიცხვებში დაარეგისტრირა. პრეპარატი გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მხარდაჭერით. მას საფუძვლად ადამიანის კარგად შესწავლილი ადენოვირუსის ვექტორის პლატფორმა დაედო. პრეპარატმა ზაფხულში წარმატებით გაიარა კვლევების ორი სტადია 18-დან 60 წლამდე ასაკის მოხალისეებზე, რომლებსაც შედეგად SARS-CoV-2-ზე იმუნური პასუხი ჩამოუყალიბდათ.