თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ჰარცელი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესის ერთ-ერთი მოდერატორია და ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს ხშირად ეკონტაქტება. ბოლო რამდენიმე კვირაში მან ოთხი ასეთი შეხვედრა გამართა.
„კარგი ამბავი ისაა, რომ არ მაქვს COVID-19 და ეს ძალიან მიხარია. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პოლიტიკური სპექტრი საქართველოში რისკის ქვეშ უნდა დამეყენებინა, რადგან ბოლო დღეებში მათთან ბევრი დრო გავატარე“, – განუცხადა ჟურნალისტებს კარლ ჰარცელმა.
დიპლომატმა მადლობა გადაუხადა ქართველ მედიკოსებს და ჯანდაცვის მთელ სექტორს იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რომელსაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საკუთარ თავზე შუამავლის როლი იკისრეს მოლაპარაკებებში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რომელიც ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამ დროისათვის სულ ოთხი შეხვედრა გაიმართა. მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა ხუთშაბათს, 10 დეკემბერს არის დაგეგმილი.