რა განიხილა პრემიერმა COVID-19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან

კლინიკური სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების ნაწილში თერაპიული ელემენტების გაძლიერება და რეანიმაციული საწოლფონდის რესურსების მობილიზება – ის მთავარი საკითხებია, რაზეც მთავრობის მეთაურმა კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა.
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად COVID-19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გამართა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტიკარაძე: გარწმუნებთ, სასტუმროებში გვაქვს მკურნალობისთვის საჭირო ყველა კომპონენტი>>

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პრევენციის მნიშვნელობას, რათა კლინიკების მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც პირველ რიგში სჭირდება სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა.

გახარია: ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს

კლინიკების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ წინა შეხვედრებზე გაცხადებული გეგმის შესაბამისად გამოათავისუფლეს დამატებითი საწოლები როგორც თერაპიის, ისე რეანიმაციის მიმართულებით და ამ კუთხით მუშაობას აქტიურად განაგრძობენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე – ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კლინიკურ-სასტუმროებში, რომლებიც კლინიკების თერაპიული მართვის ქვეშ იმყოფებიან.

ყურადღება ასევე გამახვილდა იმაზეც, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური ჩართულობით ეტაპობრივად მოგვარდა და შეფერხებები არ არის ჟანგბადის კონცენტრატორებით მომარაგების კუთხით. ასევე ითქვა, რომ ამ ეტაპზე მეტად ეფექტურად იმართება ლოგისტიკური საკითხები, რაც მთავრობასა და კერძო სექტორს შორის შემდგარი მჭიდრო და აქტიური სამუშაო რეჟიმის, აგრეთვე იმ შრომის შედეგია, რომელიც ვირუსის მეორე ტალღისთვის მოსამზადებლად განხორციელდა.

გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელებს სასტუმროების უფრო ეფექტურად გამოყენებისკენ მოუწოდა>>

შეხვედრაზე ასევე  აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, სიტუაცია მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით იმართება ინფიცირების 27 ათასამდე აქტიური შემთხვევა. მედიკოსების თქმით, ამ ეტაპზე კვლავ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების მართვას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მთავრობის ორთვიანი შეზღუდვების გეგმის ფარგლებში მიმდინარე ინტენსიური ტესტირების პროგრამაზეც, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინფიცირებულების სწრაფ დიაგნოსტიკასა და ინფორმირებას, რათა შენელდეს ვირუსის გავრცელება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ კვლავ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

საქართველომ ჟანგბადის 1 ათასი კონცენტრატორი მიიღო>>

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.