საქართველოს კოვიდ-კლინიკები კორონავირუსთან ბრძოლას აძლიერებენ

კლინიკების დირექტორების თქმით, მათ ზაფხულის პერიოდი მედპერსონალის გადამზადებისთვის და კლინიკების დამატებით აღჭურვისთვის გამოიყენეს
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. მთავრობის გეგმის მიხედვით გამოთავისუფლებულია დამატებითი საწოლები როგორც რეანიმაციაში, ისე თერაპიულ განყოფილებებში, ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც გრძელდება, განაცხადეს კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად COVID-19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან დღეს მორიგი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარებიან მხოლოდ მძიმე პაციენტები, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მართვა უნდა მოხდეს სახლის ან კოვიდ-სასტუმროების პირობებში.

საქართველომ ჟანგბადის 1 ათასი კონცენტრატორი მიიღო

„ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის, ზურაბ ქიტოშვილის თქმით, ორ დღეში კლინიკა კოვიდ-პაციენტებისთვის კიდევ ორ სამედიცინო დაწესებულებას გამოყოფს. კერძოდ, ეს არის ბორჯომის და მარნეულის კოვიდ-კლინიკები. მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორის, კერძო ბიზნესის და სახელმწიფოს მხრიდან ურთიერთშეთანხმებული ნაბიჯების შედეგად სიტუაცია სტაბილიზაციის ფაზაში შედის.

„აქტიურად ვართ ჩართული ონლაინკლინიკებში, ამბულატორიული სერვისების მიწოდებაში და კვლავ ვინარჩუნებთ იმ გადაუდებელ მიღებას, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რაღაც დონეზე, დასტაბილურებულ ფაზაში და მცდელობების დაუღალავად გაგრძელების ფონზე შევძლებთ სიტუაციასთან გამკლავებას, თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მხრიდან აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კერძო სექტორი ამ გამოწვევას გავუძლებთ, მხოლოდ ერთობლივად“, – განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა.

„ევექსის კლინიკების“ ქსელის დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა აღნიშნა, რომ კლინიკა ვერ მოახერხებდა 2-3 კვირის განმავლობაში 1 100 საწოლის გამოყოფას, რომ არ გამოეყენებინა აპრილიდან-აგვისტოს ჩათვლით პერიოდი გადამზადებისთვის. მისი თქმით, მთელი ზაფხულის პერიოდში მიმდინარეობდა ტრენინგები, რომელთა ფარგლებში 6 ათასი მედმუშაკი გადამზადდა.

„რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული ხარვეზები, ბუნებრივია, გარკვეული პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, არ არსებობს არც ერთი საქმე გარკვეული ხარვეზის გარეშე“, – აღნიშნა გიორგი მინდიაშვილმა.

„ნიუ ვიჟენის“ ჰოსპიტლის დირექტორმა მირზა ხინიკაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხი ათასის ფარგლებში მერყეობს, მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა.

მისი თქმით, კლინიკებში გამოინახა მეტი საწოლფონდი და აღიჭურვა დამატებით მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

„მნიშვნელოვანია ექიმის როლი, სამედიცინო პერსონალი მადლიერებისა და პატივისცემის ღირსია. ხალხიც დაიმედებულია მეტ-ნაკლებად, იმედია, რომ ამ პიკს გადავიტანთ და ჩვეულებრივ რეჟიმს დავუბრუნდებით“, – განაცხადა მირზა ხინიკაძემ.

კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა გიორგი ამბროლიანმა განაცხადა, რომ ბევრი რამ კეთდება 27 ათასი აქტიური შემთხვევის სამართვად, რაც საქართველოსთვის ძალიან ბევრია.

„განვიხილეთ სტაციონარული საწოლფონდის მობილიზების საკითხი, არა მხოლოდ საწოლების, არამედ ლოკაციის საკითხი. ამის მაგალითია კომპანია „მედალფაც“, რომელიც ჩაერთო ამ საქმიანობაში. კერძოდ, შიდა ქართლში, კასპში და გურიაში – ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში ასევე ბათუმში“, - განაცხადა ამბროლიანმა.

მისი თქმით, მთავრობის ინიციატივით დაიწყო მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება და სამედიცინო დაწესებულები ამ მიმართულებითაც არის მობილიზებული. პრემიერთან შეხვედრაზე ამ ტესტირების შედეგები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს, აღნიშნა მან.

„შეიძლება ითქვას, რომ ინტენსიურ ტესტირებას უკვე დადებითი შედეგები მოაქვს“, - განაცხადა ამბროლიანმა.

იმერეთის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ზურაბ უტიაშვილმა აღნიშნა, ქვეყანამ მართა ისეთი რაოდენობით პაციენტები, რაც წამყვანი ევროპული ქვეყნებისთვისაც კი მიუღწევლად შეიძლება აღმოჩნდეს.

„მზადების ის პერიოდი, რომლისთვისაც დრო იყო გამოყოფილი, თუნდაც პირველი ჩაკეტვის მერე, მთელი ზაფხულის განმავლობაში, საკმაოდ კარგად იყო გამოყენებული, რადგან აეწყო სისტემა, რომელსაც ალბათ ანალოგი არ ჰყავს მთელ მსოფლიოში. ეს არის იგივე კლინიკური სასტუმროების და კლინიკებს შორის ურთიერთობის სისტემა, პირველადი ჯანდაცვა, „112“ გაიმართა“,  - განაცხადა უტიაშვილმა.

ქვეყნის მასშტაბით ბოლო დღე–ღამეში 16.646 ტესტი ჩატარდა – 11.400 ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი და 5.246 PCR–ტესტი, მათგან დადებითი 4.673 იყო.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.673-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 169.649–ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 141 ათასს აჭარბებს,  გარდაიცვალა – 1.576.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.