როგორ აისახა კორონავირუსის პანდემია ავტომობილების ბაზარზე

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და შემდეგ მისი ექსპორტი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საქმიანობაა.
Sputnik

ნატა პატარაია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარი-ოქტომბერში საექსპორტო ათეულში მსუბუქ ავტომობილებს მეორე ადგილი უჭირავს 335,6 მლნ აშშ დოლარით. გასულ წელს ეს სასაქონლო ჯგუფი ისევ მეორე ადგილზე, მაგრამ უფრო მეტი თანხით – 522,5 მლნ დოლარით იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება იმპორტს, 2020 წლის იანვარი-ოქტომბერში მსუბუქი ავტომობილები უკვე უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფის ლიდერია 623,3 მლნ დოლარით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ის მეორე ადგილს იკავებდა 529.5 მლნ დოლარით.

მართალია, მსუბუქი ავტომობილები, სტატისტიკის მიხედვით, უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში მაღალ პოზიციას ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზეც ინარჩუნებს, მაგრამ ამ სფეროში მომუშავე კომპანიები წელს მაინც არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.  

რა მდგომარეობაა დღეს ამ ბაზარზე და რა პრობლემებს აწყდებიან მისი მოთამაშეები, „Sputnik–საქართველოსთან“ კომპანია Global auto import-ის დამფუძნებელი ვანო ბიჩინაშვილი საუბრობს საკუთარი ბიზნესის მაგალითზე.

როგორ აისახა კორონავირუსის პანდემია ავტომობილების ბაზარზე

- ძირითადად რა პრობლემებია როგორც ადგილობრივ ბაზარზე გასაღების თვალსაზრისით, ასევე რეექსპორტის მხრივ?

- კორონავირუსის პანდემიამ, რა თქმა უნდა, ნეგატიური გავლენა საავტომობილო ბიზნესზეც იქონია. პრობლემები ძირითადად იმ ვითარებითაა განპირობებული, რაც პანდემიამ შექმნა მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა, საზოგადოება გაურკვევლობაშია, არავინ იცის როდის დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების წესს. ამის გამო ბევრი თავს იკავებს ავტომობილის შეძენისგან. ამას ისიც დაემატა, რომ ამერიკის უმსხვილეს აუქციონზე ავტომობილების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. რაც შეეეხება რეექსპორტის შეფერხებას, აქ გავლენა იქონია საზღვრების დაკეტვამ და რეგიონში შექმნილმა არასტაბილურმა მდგომარეობამ. მხედველობაში მაქვს ყარაბაღის ომი, რომელმაც ბიზნესზე თავისი კვალი დატოვა. ყველაზე დიდი დარტყმა სექტორმა მაინც მარტში, პანდემიის პირველი ტალღის დროს მიიღო. თუმცა სიტუაცია შემდეგ თვეებში ნელ-ნელა გაუმჯობესდა და, იმედი მაქვს, რომ ეს პოზიტიური დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება.

როგორ გაიაფდა ბინები და მანქანები და გაძვირდა სურსათი - ღირებულებათა გადაფასება თუ...

- რა მდგომარეობაა დღეს საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნა-მიწოდების თვალსაზრისით?

- სამწუხაროდ, ავტომობილებზე მოთხოვნა 2020 წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად შემცირდა იმ ყველაზე დიდ ბაზარებზე, რომელიც გვქონდა ყირგიზეთის და ყაზახეთის სახით, ეს კი, თავის მხრივ, აისახა ექსპორტის მოცულობაზე. ამას ისიც დაემატა, რომ საერთოდ დაიკარგა სომხეთის ბაზარი, რადგან ავტომობილების განბაჟების გაძვირების გამო საქართველოდან რეექსპორტი ამ მეზობელ ქვეყანაში არამომგებიანი გახდა. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურდა აზერბაიჯანი და ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი და სასიკეთო ძვრებიც არის მოსალოდნელი. ასევე მგონია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩაკეტილი საზღვრების გახსნის შემდეგ კიდევ ბევრი ქვეყანა დაინტერესდება საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტით.

რუსთავის ავტობაზრობა Autopapa: საოცნებო ავტომობილის ძებნაში

- რას ელოდებით მომავალ 2021 წელს?

- იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შექმნილია, ველოდებით, რომ სახელმწიფოები ნელ-ნელა დაიწყებენ ჩაკეტილი საზღვრების გახსნას, ეკონომიკის აღდგენას და, სავარაუდოდ, 2021 წლის ზაფხულისთვის გაიზრდება მსუბუქ ავტომობილებზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.