თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. გასული წლის დეკემბერში აშშ-ის მოსახლეობაში შეგროვებული სისხლის ნიმუშების რეტროსპექტულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგ მათგანს COVID-19 ჯერ კიდევ მანამდე ჰქონდა, სანამ ჩინეთი ახალი ვირუსის არსებობას გამოაცხადებდა, ნათქვამია სტატიაში, რომელიც Clinical Infectious Diseases-ზეა გამოქვეყნებული.
ჩინეთმა უჰანში უცნობი პნევმონიის ფაქტების შესახებ 2019 წლის 31 დეკემბერს გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელიც შემდგომში ახალი ტიპის კორონავირუსი აღმოჩნდა. აშშ-ში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 2020 წლის 20 იანვარს დაურეგისტრირდა ვაშინგტონის შტატის მცხოვრებს, რომელიც მანამდე ჩინეთში მოგზაურობდა.
როგორც ირკვევა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრებმა (CDC) დონორული სისხლის 7000-ზე მეტი ნიმუში შეისწავლეს, რომლებიც ამერიკის წითელი ჯვრის საზოგადოებას 2019 წლის 13 დეკემბრიდან 2020 წლის 17 იანვრამდე ჰქონდა შეგროვებული ქვეყნის ცხრა შტატში. აქედან 106-მა ნიმუშმა დადებითი პასუხი გამოავლინა SARS-CoV-2-ის ანტისხეულებზე.
კვლევის ავტორებმა დამატებითი ტესტირება ჩაატარეს, რათა ანტისხეულების სხვა ვირუსების მიმართ ჯვარედინი რეაქტიულობა გამოერიცხათ, და დაადგინეს, რომ აღმოჩენილი ანტისხეულები სწორედ SARS-CoV-2-ის იყო.
მეცნიერების განმარტებით, შესაძლო ცრუდადებითი ტესტების გათვალისწინებითაც კი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ახალი კორონავირუსი უკვე იყო აშშ-ის ტერიტორიაზე.
თუმცა მკვლევარები დაზუსტებით ვერ ამბობენ, სად და როდის დაინფიცირდნენ ანტისხეულების მქონე ადამიანები — შესაძლოა ისინი ახალი დაბრუნებული იყვნენ ჩინეთიდან, სადაც, როგორც მონაცემები მეტყველებს, ჯერ კიდევ ნოემბერში ცირკულირებდა ახალი ტიპის კორონავირუსი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე საფრანგეთსა და იტალიაში ჩატარებულმა რეტროსპექტულმა კვლევებმა ასევე გამოავლინა SARS-CoV-2-ის ანტისხეულები სისხლის იმ ნიმუშებში, რომლებიც 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში შეგროვდა.
არა თავად ვირუსი: დადგინდა, რა აზიანებს COVID-19-ის დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემას>>
ახლა მეცნიერები კვლევის ფარგლებში აპირებენ დაუკავშირდნენ იმ ადამიანებს, რომელთა სისხლშიც კორონავირუსის მიმართ ანტისხეულები აღმოჩნდა, რათა დაადგინონ, იმოგზაურეს თუ არა მათ ჩინეთში 2019 წლის ბოლოს, და ჰქონდათ თუ არა COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები იმ პერიოდში.