მარსზე ოდესღაც წარღვნა მოხდა: მეცნიერებმა მტკიცებულებებს მიაგნეს – ფოტო

მსოფლიოს ერთდროულად სამი ცნობილი უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ოდესღაც მარსზე პლანეტარული მასშტაბის ზემძლავრი წყალდიდობა მოხდა.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. მარსმავალ Mars Science Laboratory Curiosity-ის მიერ დედამიწაზე 8 წლის განმავლობაში გადმოგზავნილი ფოტომასალის ანალიზი მეცნიერებს აძლევს საფუძველს დაასკვნან, რომ ოდესღაც პლანეტაზე წყალმრავალი მდინარეები მიედინებოდა და, უფრო მეტიც, მარსზე პლანეტარული მასშტაბის წარღვნაც კი მოხდა.

​ზემძლავრი წყალდიდობის კვალი წითელ პლანეტაზე ერთდროულად სამი უნივერსიტეტის — ჯეკსონის, კორნელისა და ჰავაის უნივერსიტეტების სწავლულებმა აღმოაჩინეს, რომელთა დასკვნაც გამოქვეყნდა ჟურნალში Nature. მათი ვარაუდით, ხრეშის 10-მეტრიანი მწკრივები სწორედ წყლის სწრაფი დინების შედეგად წარმოიქმნა (წამში 10 მეტრზე მეტი) მდინარეთა ფსკერზე.

მარსზე წყლის დიდი მარაგი არსებობს: მეცნიერები კაცობრიობას ახალ საცხოვრებელს სთავაზობენ

თუ საიდან გაჩნდა მარსზე წყლის ბობოქარი დინებები — ამაზე მეცნიერებს ზუსტი პასუხი არ აქვთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ წარღვნა შეიძლება 3–4 მლრდ წლის წინ (როცა მარსზე მკვრივი ატმოსფერო, ნორმალური ტემპერატურა და თხევადი წყალი არსებობდა) მოხდა ასტეროიდის დარტყმის შედეგად, რამაც მყინვარები გაადნო. არსებობს მეორე ვერსიაც, რომ მყინვარების დნობა შეიძლებოდა ხშირ ვულკანური ამოფრქვევებს გამოეწვია.

მაშ, სად გაქრა მარსის წყალი? მეცნიერების აზრით, მისი ნაწილი აორთქლდა და კოსმოსში გაიფანტა — მარსი არ არის იმდენად მძიმე, რომ შეეკავებინა იგი, ნაწილი კი უბრალოდ გაიყინა.

გრანდიოზული გეგმა: ილონ მასკი მარსზე ქალაქის დაარსებას აპირებს>>

NASA-ს მეცნიერებმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამოაქვეყნეს მარსმავალ Sharad-ის რადარების მონაცემები, რომელთა თანახმად, წითელი პლანეტის ზედაპირი მის შუა განედებზე რამდენიმე ათეული მეტრის სისქის ყინულითაა დაფარული. და ეს ყინული წყლისაა.

მეცნიერების შეფასებით, მარსის ყინული რომ გადნეს, ის მთელ პლანეტას რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე დაფარავს.