თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ემზადება საპროტესტო აქციებისთვის, მაგრამ უშვებს, რომ ისინი გაუქმდება, თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება. ასეთი შედეგით დასრულდა დღეს ორსაათიანი შეხვედრა, რომელიც ქართული ოპოზიციის ლიდერებმა გამართეს.
ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკას მკვეთრად უპასუხა >>
ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ამტკიცებენ, რომ ისინი გაყალბებულია. პარლამენტში გასული რვავე პარტია სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. საკითხის გადასაჭრელად აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ მათსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებების ორგანიზება მოახერხეს. ამ ეტაპზე უკვე ორი შეხვედრა გაიმართა.
„ოპოზიცია ვართ მუდმივად კონსულტაციების რეჟიმში, ველოდებით მესამე რაუნდს. „ოცნებას“ აქამდე, არათუ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს კრიზისის განტვირთვისთვის, არამედ ყოველი მათი ნაბიჯი, დაწყებული ცესკო-ს ოქმების შეჯამების არგანხილვით, ვითომ მეორე ტურის ჩატარებით, სადაც ხალხი არ მივიდა, უფრო და უფრო აღრმავებს კრიზისს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.
დღეისათვის მოლაპარაკებებზე ოპოზიცია აყენებს მხოლოდ ერთ მოთხოვნას - ეს არის ხელახალი არჩევნები. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ეს არარეალური მოთხოვნაა.
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას არ აპირებს >>
„მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, გარდა იმ მოცემულობის, რომლის თანახმადაც ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა არჩევანს“, - განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გიგი მიქანაძემ.
ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზად არის განიხილოს ოპოზიციის სხვა წინადადებები.
ახალი აქციები
ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩავარდნას არ გამორიცხავს და აანონსებს საპროტესტო აქციას იმ დღეს, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება.
„გაგრძელდება აქციები, იქნება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან, საკანონმდებლო ორგანოს შეკრების დღეს, თუ არაფერი შეიცვლება, მოლაპარაკება წარმატებულად თუ არ დასრულდება, იქნება დიდი შეხლა-შემოხლა, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.
ამასთან, მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
„ჯერჯერობით ახალი არაფერია. მოლაპარაკებები გრძელდება, ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა და გამოსავალი, რათა წინ წავიწიოთ. ეს მნიშვნელოვანი დისკუსიაა. ჯერ არ ვიცით, როდის იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს გარკვეული არ არის, და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
არჩევნების შედეგები
საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.
თავისუფალი, თუმცა არა სრულყოფილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს >>
წინასწარი გათვლებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. შესაბამისად, ის შეძლებს ყველა კანონის მიღებას და მთავრობის ჩამოყალიბებას ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. ერთადერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციის თანხმობას მოითხოვს - ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.