2020 წელს სახელმწიფოების ვალი რეკორდულად გაიზარდა

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა, მათ შორის გაიზარდა ბევრი ქვეყნის ვალის მოცულობა.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს ქვეყნების სახელმწიფო ვალი წლის ბოლოსთვის რეკორდულ მაჩვენებლამდე – 277 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება, ნათქვამია საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის (IIF) ანგარიშში. 

რას ხმარდება გაზრდილი სახელმწიფო ვალი და რა განრიგით მოუწევს ქვეყანას მისი გასტუმრება

„მსოფლიო ვალი 2019 წლიდან 15 ტრილიონ დოლარზე მეტით გაიზარდა და 2020 წლის მესამე კვარტალში ახალ რეკორდს – 272 ტრილიონ დოლარზე მეტს მიაღწია. რამდენადაც პანდემიის საპასუხოდ საბიუჯეტო ზომები გრძელდება, ჩვენ ველოდებით, რომ გლობალური ვალი 2020 წლის ბოლოსთვის 277 ტრილიონ დოლარს (მშპ-ის 365%) მიაღწევს“, – ნათქვამია ინსტიტუტის ანგარიშში.

თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე მიიჩნევს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით მოსალოდნელია საყოველთაო ეკონომიკური ვარდნა. ორგანიზაცია მიმდინარე წელს მსოფლიო მშპ-ის 4,4%-ით შემცირებას პროგნოზირებს, ხოლო 2021 წელს – 5,2%-ით ზრდას.

საქართველოს სახელმწიფო ვალი

ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირებამ, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო დაწესებული შეზღუდვებით, და ასევე სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის დაზარალებული ნაწილისთვის მასშტაბური დახმარებების აღმოჩენამ ბიუჯეტის დეფიციტის თითქმის 8%-მდე ზრდა გამოიწვია. 

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი – იზრდება ვალი და იმატებს უწყებების დაფინანსება

წარმოქმნილი დეფიციტის დაფარვის ერთ-ერთი ძირითადი წყარო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება გახდა, რამაც, თავის მხრივ, საგარეო ვალის გაზრდა გამოიწვია. მეორე კვარტალში საქართველოს სახელმწიფო ვალი თითქმის 8%-ით გაიზარდა და 30 ივნისისთვის ვალის ოდენობამ 6.142,5 მლნ დოლარს მიაღწია.

მიმდინარე წლის ივნისში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ქვეყნის სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა 4,5 მლრდ-ით გაიზრდება და 27,3 მლრდ ლარს მიაღწევს.

აქედან საგარეო ვალის ზღვრული მოცულობა 21,4 მლრდ ლარი, ხოლო შიდა ვალის – 5,9 მლრდ ლარი იქნება.

წლის შედეგებით, მთავრობის ვალი მშპ-ის 55,7%-ს შეადგენს, ამასთან ამ ვალის 78% საგარეო ვალია. პირველი კვარტლის ბოლოს იგი მშპ-ის 44,1%-ს შეადგენდა.