ზალკალიანი: ოპოზიციას პარლამენტში შესვლისთვის არავინ გაკიცხავს

ოპოზიციურ პარტიებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმაც მოუწოდეს, საარჩევნო დარღვევები კანონიერი გზებით გააპროტესტონ.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს ის ციკლი, როცა ხელისუფლების ცვლილება ხდებოდა რევოლუციებით, შტურმით, ქუჩით, აქციებით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

რით დასრულდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხვედრა ქართულ ოპოზიციასთან

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში.

„პოლიტიკაში არ არსებობს ურთიერთობების სხვა, ცივილური ფორმა გარდა იმისა, რომ პარლამენტში მოხდეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყანამ არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩაატარა, რომლის შედეგად პარლამენტში 9 პოლიტიკური პარტია შევიდა, რაც არასოდეს ყოფილა. მესმის, ახლა ოპოზიციას უჭირს და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ზეწოლის ტყვეობაში არიან, მაგრამ სასწორზე ჩვენი ქვეყნის მომავალი დევს. თუ საღი აზრი გაიმარჯვებს და ისინი პარლამენტში შევლენ, მათ ამისთვის არავინ გაკიცხავს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

გუშინ საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმაც მოუწოდეს – შევიდნენ პარლამენტში, ცვლილებებისთვის საკანონმდებლო ორგანოდან იბრძოლონ და საარჩევნო დარღვევები კანონიერი გზებით გააპროტესტონ. 

კობახიძე: ჩვენს სითამამეს სიმართლე, ოპოზიციის თავშეკავებას კი სიყალბე უდევს საფუძვლად

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია შედის: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

წინასწარი გათვლებით, მეორე ტურის შედეგებიდან დამოუკიდებლად, „ქართული ოცნება“ 76 მანდატს, საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს. ოპოზიცია ასეთ შედეგებს არ ეთანხმება და მეორე ტურს ბოიკოტს ცხადებს და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობს.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში არჩევნები კანონის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ აქვს.