აჭარაში მეწყერს გადარჩენილმა გოგონამ დახმარება მიიღო

გოგონა ამჟამად დეიდასთან ცხოვრობს იმერეთის სოფელ ისრითში და იქ დადის სკოლაში. ახლა მოზარდს საკუთარი ბიბლიოთეკა ექნება.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ხელვაჩაურში მეწყრის ჩამოწოლისას ოჯახიდან ერთადერთმა გადარჩენილმა გოგონამ, 12 წლის თიკა თედორაძემ, რომელიც „გურული დღიურების“ სტიპენდიანტი გახდა, საქველმოქმედო ორგანიზაციისგან პირველი დახმარება მიიღო.

გოგონა, რომელიც აჭარაში მეწყერს გადაურჩა, ფონდ „გურიის დღიურების“ სტიპენდიას მიიღებს>>

ხელვაჩაურის რაიონში მეწყერი 1–2 ოქტომბრის ღამეს ჩამოწვა. სტიქიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის თიკა თედორაძის მთელი ოჯახი – მშობლები და მეათეკლასელი ძმა.

აჭარის მთავრობა გოგონას, რომლის მშობლებიც მეწყერში მოყვნენ, ბინას აჩუქებს

იმ საბედისწერო ღამეს თიკა, რომელიც მეექვსე კლასში სწავლობს, იმან იხსნა, რომ ბებიას სტუმრობდა.

„თიკა ახლა დეიდასთან ცხოვრობს, სოფელ ისრითში და იქ აგრძელებს სწავლას. თიკა დეკემბრიდან „გურული დღიურების“ ფონდის სტიპენდიას მიიღებს, დღეს კი სოფელში ვესტუმრეთ და, ევროპული სკოლის თანადგომით, შესანიშნავი პირადი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ“, – დაწერა Facebook-ზე ფონდის ხელმძღვანელმა, მწერალმა, ტელეწამყვანმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

გიორგი კეკელიძის მიერ დაფუძნებული ფონდი „გურული დღიურები“ რთულ ცხოვრებისეულ ვითარებაში ჩავარდნილ, შეჭირვებულ ნიჭიერ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ეხმარება.

მაგალითად, კეკელიძემ 2020 წელს დააწესა ყოველთვიური სტიპენდია ესპანეთში კორონავირუსის ინფექციით დაღუპული ქალის შვილისთვის. ფონდმა მეხუთეკლასელი ანანო ნაჭყებიასთვის შეიძინა სასკოლო ინვენტარი და სკოლის დამთავრებამდე გოგონას განათლებასთან დაკავშირებულ ფინანსურ პრობლემებთან გასამკლავებლად დახმარებას გაუწევს.