გიორგი გახარია ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრას მინისტრებთან ერთად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და ექიმ-ინფექციონისტები ესწრებოდნენ. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეუერთდნენ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექსპერტებიც.
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთად განიხილა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების პოზიციები მოისმინა. ასევე ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნაზე.

ექსპერტთა ჯგუფი: საქართველოს დრამატული პერიოდი ელოდება

„შეხვედრაზე მხარეებმა გაინიხილეს, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც პირველ რიგში სჭირდება სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია მხოლოდ მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა ოჯახის ექიმის კონსულტაციით ბინებსა და კოვიდ-სასტუმროებში უნდა გაგრძელდეს.

მხარეებმა ისაუბრეს დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საყოველთაო „ლოკდაუნი“ არ იქნება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა: პაატა იმნაძემ, მაია ბუწაშვილმა, აკაკი ზოიძემ, ბიძინა კულუმბეგოვმა, გიორგი კანდელაკმა და სხვა ექიმმა-ინფექციონისტებმა.

მთავრობა: სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება

შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შვეიცარიიდან შეუერთდა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე, ასევე ესტონეთში მოღვაწე ექსპერტი ზაზა წერეთელი.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა – ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 3 ათასს გადააჭარბა. ამჟამად საქართველოში 85 952 ინფიცირებულია.

ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყანაში ახალი წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდა. 9 ნოემბრიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში იკრძალება როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება. მოქმედებს სხვა აკრძალვებიც.

საქართველოს დიდ ქალაქებში დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.