თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფი ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხირდან გატარებული ანტიპანდემიური ღონისძიებები უკვე არასაკმარისია და მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა>>
ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს. მიმართვაში საუბარია ტესტირების რაოდენობის გაფართოებაზე, ასევე პაციენტთა მართვის ახალი სისტემის ჩამოყალიბებაზე.
„დღიური შემთხვევების რაოდენობა მზარდია, თუმცა პროპორციულად არ იზრდება დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა. ეს გვაფიქრებინებს, რომ COVID-19-ის კლინიკურად გამოვლენილი შემთხვევების გათვალისწინებით, რეალური რაოდენობა უფრო მეტია ქვეყანაში, ვიდრე ეს დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევით და ოფიციალურად აღირიცხება”, – აცხადებენ მიმართვის ავტორები.
მათი შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონისძიებები პანდემიის გავრცელების შესაკავებლად უკვე აღარ არის საკმარისი და საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება.
- „წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება, რაც შეუძლებელს გახდის არა მარტო კორონავირუსის ეპიდემიის მართვას, არამედ უკიდურესად შეზღუდავს სხვა გადაუდებელ და გეგმურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ქვემოთ ჩამოთვლილი საგანგებო ნაბიჯები:
- ქვეყანაში ეპიდემიის საპასუხო ღონისძიებების მართვის მექანიზმის გაძლიერება;
- ეპიდემიის მართვისას პოლიტიკური ბრძოლის სიბრტყიდან საკითხი/მართვა გადავიდეს ზეპარტიული, ეროვნული ინტერესების დონეზე;
- შეიქმნას დროებითი ეროვნული მექანიზმი დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით, რაც საზოგადოების მხრიდან ნდობას გააძლიერებს, ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას, პოლარიზაციის ნაცვლად გააერთიანებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო რესურსს ეპიდემიის დაძლევის მიზნით;
- მკაფიოდ გაიმიჯნოს პასუხისმგებლობები, გამკაცრდეს სააღსრულებო დისციპლინა, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს როლისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ეფექტიანი უწყებათშორისი კოორდინაციისთვის.
- სამედიცინო მომსახურების მიწოდების კოლაფსის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო სისტემისადმი მიმართვის მოთხოვნილების (საჭიროების) შემცირება;
- პაციენტთა ქცევის ტექნიკური ალგორითმის შექმნა/განახლება;
- მოსახლეობისთვის ერთიანი სტანდარტის – გზამკვლევის შექმნა და გავრცელება;
- თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ვებ-გვერდით რეალურ დროში მონიტორინგის, ლაივ-კონსულატაციებისა და სხვა მექანიზმების ამოქმედება;
- მომსახურების სიმძლავრეების ოპტიმიზაცია;
- კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა ყველა დონეზე (ტრანსპორტირების, ლაბორატორიული მომსახურების, ჰოსპიტალური მომსახურების და სხვ.);
- მომსახურების ანაზღაურების ისეთი მექანიზმების გამოყენება, რომელიც ამცირებს მატერიალური გამორჩენის მიზნით ნაკლებად მიზანშეწონილი (გამართლებული) მომსახურების მიწოდების ინტერესს (იქნება ეს ლაბორატორიული მომსახურება, თუ საწოლზე პაციენტის დაყოვნება);
- საზოგადოების ინფორმირების/კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესება, ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და 24-საათიან რეჟიმში ყველა საჯარო გზავნილის მომზადება და გავრცელება გეგმის მიხედვით;
- საკომუნიკაციო მესიჯების თანმიმდევრულობა;
- გადაწყვეტილების გამჭვირვალობა, მიღწეული წარმატებისა და წარუმატებლობის გაზიარება.
მიმართვა მომზადებულია ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მიერ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და USAID/Georgia-ს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI Georgia) ერთობლივი პლატფორმის ფარგლებში.
მიმართვას ხელს აწერენ ექსპერტები: დავით გზირიშვილი, გიორგი გოცაძე, ნინო ევგენიძე, აკაკი ზოიძე, იაგორ კალანდაძე, ვახო კალოიანი, ნინო კიკნაძე, ლევან კობერიძე, ვატო სურგულაძე, ანდრია ურუშაძე, ნინო მირზიკაშვილი, სერგო ჩიხლაძე, ქეთი ჩხატარაშვილი, გიგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 85 952 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 68 929, გარდაიცვალა 778 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 2 797, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5 662 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 351 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.