„პასუხისმგებელი მე ვარ“: ფაშინიანი მზადაა წარდგეს ხალხის სასამართლოს წინაშე

სომხეთის პრემიერი ირწმუნება, რომ მისი ხელისუფლების სათავეში მოსვლის მომენტისთვის მთიანი ყარაბაღის შესახებ მოლაპარაკებებში აშკარად იკვეთებოდა ტერიტორიული დათმობები სტატუსის განუსაზღვრელად.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მზადაა წარდგეს ხალხის სასამართლოს წინაშე საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებთან გულწრფელი და პატიოსანი დიალოგის პირობით, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

აღნიშნულის თაობაზე პრემიერმა ონლაინ–პრესკონფერენციაზე განუცხადა ჟურნალისტებს.

აზერბაიჯანმა სომხეთს ქელბაჯარიდან ჯარების გასაყვანად დამატებითი დრო მისცა

ფაშინიანის თქმით, როგორც ქვეყნის მეთაური, შექმნილ ვითარებაზე სწორედ ისაა პასუხისმგებელი და ვალდებულია, წარდგეს ხალხის წინაშე. თუმცა საზოგადოებამ, აუცილებელი დასკვნების გამოსატანად, ყველა დეტალი უნდა იცოდეს. ამისათვის კი საჭიროა, რომ მოუსმინონ სამხედროებსაც, ოპოზიციასაც და მთავრობასაც.

ქვეყნის პრემიერმა აღნიშნა, რომ როდესაც ის 2018 წელს ხელისუფლების სათავეში მოვიდა, მოლაპარაკებების პროცესი მთიანი ყარაბაღის თაობაზე კრიტიკულ წერტილს უკვე გადაცდენილი იყო: მოლაპარაკებებში აშკარად იკვეთებოდა ტერიტორიული დათმობები სტატუსის განუსაზღვრელად. ანუ, ფაშინიანის თქმით, ეს იყო პრინციპი „ტერიტორიები არაფრის სანაცვლოდ“.

„მე მსურდა ამ ლოგიკის შეცვლა. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა, ვინაიდან შემხვედრი გარანტიების გარეშე ტერიტორიების ჩაბარების შესახებ კონსენსუსი უკვე მთელ საერთაშორისო თანამეგობრობაში იყო ჩამოყალიბებული. და ჩვენ ამ კონსენსუსის შეცვლა ვერ შევძელით. იქნებ არასწორად შევაფასეთ ვითარება, მაგრამ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა? შევგუებოდით ამას? მე ეს არ მინდოდა, ამიტომაც ვცდილობდი შეძლებისდაგვარად ყველაფერი გამეკეთებინა სომხეთის ბრძოლისუნარიანობის გასაზრდელად“, — განაცხადა ფაშინიანმა.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები შედიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან დაიწყება ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთი აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდ ნაწილს გადააბარებს.

ბაქოს დაქვემდებარებაში გადასული რაიონებიდან სახალხო ლაშქრის გაყვანა გრძელდება>>

ბაქოში შეთანხმება ერევნის კაპიტულაციად შეფასდა. პრეზიდენტმა ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული დოკუმენტი აზერბაიჯანისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელია. ხოლო სომხეთში, სადაც შეთანხმება ქვეყნის ინტერესების ღალატად მიიჩნიეს, საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც ერევანში არეულობა და მომიტინგეების დაპატიმრებები მოჰყვა.