„სიკვდილის ტოლფასია“ - ლევან რატიანი კლინიკებში საწოლების დეფიციტზე საუბრობს

ინფექციის გავრცელების ჯაჭვის წყვეტა რომ მოხდეს, მოქალაქეებმა კვლავ უნდა დაიცვან რეკომენდაცია „დარჩი სახლში“, მოუწოდებს ექიმი
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა დიდი გამოწვევაა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

საქართველოში ბოლო ორ თვეში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი სამი ათასს გადასცდა. საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის, ამიტომ ბევრი პაციენტი იძულებულია მკურნალობა გაიაროს სახლში, რაც მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში არც ისე უსაფრთხოა.

გამყრელიძე: ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშე არ დგას

„ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ჯანდაცვის სექტორისათვის, ვინაიდან ამ წუთში ჩვენი კლინიკის მაგალითზე, არც ერთი თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია, რაც ძალიან ცუდი წარმოსადგენია როგორც ექიმისთვის. 112 რომ რეკავს და ვეუბნებით, არ გვაქვს ადგილი, პირადად ჩემთვის ეს ნამდვილად სიკვდილის ტოლფასია“, - განაცხადა რატიანმა პირველი არხის ეთერში.

მედიკოსის თქმით, დაავადებულთა რიცხვის ზრდა მოსალოდნელი იყო, მაგრამ ეპიდსიტუაციის ასეთ გაუარესებას არავინ არ ელოდა.

„მართალია, ალბათ, ყველა ველოდით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ მასშტაბით რომ გავრცელდებოდა ინფექცია, რატომღაც წარმოუდგენელი იყო“, - აღნიშნა რატიანმა.

რატიანი ირწმუნება, რომ არა თუ  საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, არამედ მსოფლიოს ვერცერთი წამყვანი ქვეყნის ჯანდაცვა ვერ გაუძლებს ამ მასშტაბით ინფიცირებულთა მომსახურებას. ამიტომ, მისი თქმით, ინფექციის ჯაჭვის წყვეტა რომ მოხდეს, მოქალაქეებმა კვლავ უნდა დაიცვან ლოზუნგი „დარჩი სახლში“.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი 72 საათის განმავლობაში უნდა დაიკრძალოს

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი არ დგას, საჭიროების შემთხვევაში დღის წესრიგში საველე ჰოსპიტლების საკითხი დადგება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 73 154 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა სულ 55 511 პაციენტი, გარდაიცვალა - 646.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.