თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ყაზახეთის ახალი საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი გახდა. ამის შესახებ ყაზახეთის ელჩმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა განაცხადა.
ჯახუტაშვილი ამ თანამდებობაზე ოფიციალურად მიმდინარე წლის 8 სექტემბერს დაინიშნა, უკვე 5 ნოემბერს კი ქალაქ რუსთავში საზეიმოდ გაიხსნა ყაზახეთის საპატიო საკონსულო. დაწესებულებას ორი საკონსულო ოლქი აქვს – ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში.
„ყაზახეთის მეორე საპატიო საკონსულოს გახსნა ყოველთვის იმაზე მიანიშნებს, რომ ორ ქვეყანას შორის არის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გავხსნათ საპატიო საკონსულოები, რადგან მათი საქმიანობა სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისთვის კეთდება, რადგან ეს ხელს შეუწყობს ბიზნეს–ურთიერთობებს, კულტურულ ურთიერთობებს და, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ყახაზეთისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბაურჟან მუხამეჯანოვმა.
ახალმა კონსულმა ჯახუტაშვილმა კი განაცხადა, რომ მის მუშაობაში პრიორიტეტული ინვესტიციების მართვა იქნება.
„საქართველოში ყაზახეთის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საკმაოდ მაღალია. ჩემი გუნდის მისიაა მიმდინარე პროექტების წარმატების ხელშეწყობა, მათ შორის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით“, – განაცხადა ჯახუტაშვილმა.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნებმა 2017 წელს ამ კავშირის 25 წლისთავი აღნიშნეს. ყაზახეთში საქართველოს ელჩია ზურაბ აბაშიძე, ყაზახეთის ინტერესებს საქართველოში კი ბაურჟან მუხამეჯანოვი წარმოადგენს.
ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში.
ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი დიდი სავაჭრო პარტნიორია, განსაკუთრებით, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში.
საქართველომ ყაზახეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა>>
ამ დროისათვის საქართველოში ყაზახეთის ორი საპატიო საკონსულო ფუნქციონირებს – ბათუმსა და რუსთავში, ხოლო მთავარი საკონსულო თბილისში, ყაზახეთის საელჩოსთან ფუნქციონირებს.