მოსაზრება: მშვიდობა მთიანი ყარაბაღისთვის – ვინ რისთვის იბრძოდა

მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული 9–10 ნოემბრის ღამის მოვლენები კიდევ დიდხანს იქნება პოლიტიკური და სამხედრო ანალიტიკოსების განსახილველი თემა.
Sputnik

ირინა ალქსნისი

თუ მოკლედ ვიტყვით, ერთ ღამეში ომი მშვიდობით შეიცვალა, ხოლო ფრონტის ხაზი რუსეთის სამხედრო კონტინგენტის დისლოკაციის ადგილად იქცა.

ჯერ იყო და გვიან ღამით მოვიდა ინფორმაცია, რომ სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს და ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. დიდი ალბათობით, ეს იქცა კიდეც ტრიგერად (გამშვებ მექანიზმად) ვითარების მომენტალურად შესაცვლელად. ბაქომ ელვის სისწრაფით აიღო პასუხისმგებლობა მომხდარზე და აღიარა, რომ ტრაგიკულ შეცდომას ჰქონდა ადგილი, ილჰამ ალიევმა კი ვლადიმირ პუტინს დაურეკა და ბოდიში მოიხადა.

ზავი მთიან ყარაბაღში: რაზე მორიგდნენ აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი

მერე იყო და რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა სპეციალური მიმართვით და განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის სრული შეწყვეტისა და რეგიონში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შესახებ უმაღლესი დონის სამმხრივ შეთანხმებას მოეწერა ხელი. უკვე ადრიანი დილით უალიანოვსკ–ვოსტოჩნის აეროდრომიდან Ил-76-ები აფრინდნენ ბორტზე რუსი სამშვიდობოებით.

შეთანხმების დეტალები ისეთი აღმოჩნდა, რომ ერევანში მყისიერად იფეთქა არეულობამ. პროტესტის მონაწილეებმა მთავრობისა და პარლამენტის შენობები მოაოხრეს და სასტიკად სცემეს ეროვნული კრების სპიკერი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, ოპოზიცია ერის ღალატში სდებს ბრალს.

ერევნელი ოპოზიციონერების მრისხანებისა და მათი ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ მოთხოვნის გაგება შეიძლება, ვინაიდან დოკუმენტი არსებითად სომხური მხარის მარცხსა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას აფიქსირებს.

მაგრამ სომხეთს სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა — უფრო სწორად, ჰქონდა უფრო უარესი გზა: სამხედრო კატასტროფა. როგორც არაღიარებული ყარაბაღის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა განაცხადა: საომარი მოქმედებები რომ ძველებური ტემპებით გაგრძელებულიყო, მთელ არცახს (ასე უწოდებენ სომხები ყარაბაღს - რედ.) ორიოდ დღეში დავკარგავდით. ამ გამონათქვამით მან კიდევ ერთხელ აღიარა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი შუშა სომეხმა სამხედროებმა ჯერ კიდევ 7 ნოემბერს დაკარგეს — როგორც ამას ილჰამ ალიევი აცხადებდა.

მთიანი ყარაბაღი და ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში: ხედვა საქართველოდან

თუმცა ჩნდება კანონზომიერი შეკითხვა: რატომ შეაჩერა ბაქომ ომი რესპუბლიკისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხის საბოლოოდ გადაჭრამდე ერთ ნაბიჯში და რატომ წავიდა შეთანხმებაზე?

აზრებაიჯანის პრეზიდენტი ეროვნულ გმირად იქცა თავისი ქვეყნისთვის, მაგრამ იქაც მრავლად ისმის უკმაყოფილოთა ხმები (თუმცა არა ისე ხმამაღლა, როგორც ერევანში), რომლებიც ასევე საუბრობენ ეროვნული ინტერესების გაყიდვაზე.

ეჭვგარეშეა – ილჰამ ალიევი, როგორც გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწე, მიზეზებისა და მოტივების ერთობლიობით ხელმძღვანელობდა. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ ის ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთოხებისა და უფლებების დაცვის გარანტიას იძლეოდა. მაგრამ, სურვილის მიუხედავად, მას, სავარაუდოდ, არ გამოუვიდოდა პირობის შესრულება — ამ ორი ხალხის ისტორიის სისხლიანი ფურცლებია ამის დასტური. დიდი ალბათობით, აზერბაიჯანის ლიდერი არ ისურვებდა სომხების კიდევ ერთ ჟლეტვაზე ეტვირთა პასუხისმგებლობა.

თავის მხრივ, მოსკოვმაც ალბათ მოძებნა არგუმენტები, რომლებიც ბაქომ გაიგო.

თუმცა არსებობს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი — თურქული, რომელმაც აშკარად მოახდინა გავლენა აზერბაიჯანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე.

დავით ბერძენიშვილი: ყველაზე მაგარი სომეხია ფაშინიანი

თურქეთის მხარდაჭერამ უზარმაზარი როლი ითამაშა აზერბაიჯანის ახლანდელ სამხედრო წარმატებებში. ეგაა მხოლოდ, რომ ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო, ერდოღანის ამბიციები კი ტრადიციულად ლაგდება ფორმულაში „თითი მიეცი და მკლავს მოგაჭამს“. ალიევი, რომელიც ყოველთვის ისწრაფვოდა რეგიონში ძირითადი ძალების (ანუ რუსეთის, თურქეთისა და ირანის) ცენტრის დაბალანსებისკენ და ამით თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებისკენ, აშკარად არ არის დაინტერესებული აზერბაიჯანის ანკარის მარიონეტად ქცევით. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ყარაბაღში ახლო აღმოსავლეთიდან „ჯებჰათ ან–ნუსრასა“ და სხვა რადიკალური დაჯგუფებების ბოევიკები იყო გადასროლილი, რომლებიც კოლოსალურ საფრთხეს წარმოადგენენ თავად აზერბაიჯანისთვისაც. საკუთრივ სწორედ ამიტომაც ებრძვიან მუსლიმური ქვეყნები თავისთან ისლამისტურ ექსტრემიზმს კიდევ უფრო სასტიკად, ვიდრე სხვა სახელმწიფოები — ისინი პირდაპირი დარტყმის ქვეშ არიან.

საომარი მოქმედებების შეწყვეტა და შეთანხმების დადება საშუალებას იძლევა, ერთბაშად შეწყდეს აზერბაიჯანისთვის ეს და ზოგი სხვა არახელსაყრელი და სახიფათო პროცესებიც. ილჰამ ალიევმა ფორმალური ჟესტი გააკეთა ანკარის მიმართულებით, განაცხადა რა თურქი მშვიდობისმყოფელების თაობაზე ყარაბაღში. თუმცა ხელმოწერილ დოკუმენტში თურქეთი საერთოდაც არ არის ნახსენები.

ამ კონტექსტში ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენის ისტორია ახალ ელფერს იძენს. ეჭვი არ არის, რომ აზერბაიჯანში არიან ძალები, რომლებიც დაიტერესებული არიან შეთანხმების ჩაშლით. არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ პროვოკაციას იმ იმედით, რომ რუსეთის ხელისუფლება წამოეგებოდა მას და უკანასკნელ მომენტში უარს იტყოდა მიღწეულ შეთანხმებაზე — და ომი ყარაბაღში გაგრძელდებოდა.

მაგრამ მოსკოვი და ბაქო ისე მოიქცნენ, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ: აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა მომხდარზე, რუსეთმა კი მოთმინება შეინარჩუნა.

მასობრივი არეულობა სომხეთში: რა მოჰყვა ფაშინიანის განცხადებას ყარაბაღის შესახებ – ფოტო

სამწუხაროდ, სომხეთზე იმავეს თქმა არ შეიძლება.

2018 წელს ქუჩებში გამოსული ხალხის მასამ სახელმწიფო ხელისუფლების სათავეში ნიკოლ ფაშინიანი მოიყვანა. დღეს იგივე ხალხი იმავე ქუჩებში მზად იყო დაეფლითა იგი, ვინაიდან მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ პროგრესულმა ლიდერმა, რომელსაც ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავდა, ისინი სადღაც სხვაგან შეიყვანა, ხოლო მისი მუშაობა სამხედრო აღმშენებლობის კუთხით სომხეთის მძიმე მარცხით დასრულდა.

სხვათა შორის, ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე მამაკაცებმა სამთავრობო შენობების აოხრება ამჯობინეს მეომარი არმიის რიგებში ყოფნას, ყოველგვარი ირონიის გარეშე ასევე შედის აქტუალური დასავლური ტენდენციების ფარგლებში. თუმცა, თუ სომხეთი მზად არ არის გაკვეთილი გამოიტანოს ბოლო რამდენიმე წლის მოვლენებიდან, ის თავად იქცევა გაკვეთილად ბევრი სხვა ქვეყნისთვის.

რეგიონში ვითარებისთვის კი მთლიანობაში ერთი სახასიათო ფაქტია მნიშვნელოვანი: რუსული კონტინგენტი, რომელიც სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის ჩადგა, შესაძლოა რაოდენობით სიმბოლური გამოჩნდეს, მაგრამ „დერჟავის“ ძალა და აღიარებული ავტორიტეტი სწორედ იმით იზომება, თუ რამდენად ცოტა ჯარისკაცს აყენებს მტრულ ძალებს შორის.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს