შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით: სუს-ში გამოძიება დაიწყო

უწყების განცხადებით, კონკრეტული პირები გეგმავდნენ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება 2020 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო და მისი საფუძველი  სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია გახდა.

„კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ მოწმეები, ასევე გამოიკითხა საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც, სუსის ინფორმაციით,  გამოძიებას იმ დაჯგუფებათა სია წარუდგინა, რომელთა გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები საარჩევნო პერიოდში ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად აპირებდნენ.

გახარია ოპოზიციის შესახებ: თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება მტკიცებულებების შეკრებისა და დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს შეთქმულებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი, რომელსაც ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

მზად ვართ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის – გახარია>>

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, რამდენიმე საარჩევნო უბანთან შეიარაღებული ადამიანები დააფიქსირეს.