კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 45 მილიონს გადააჭარბა, საქართველოში კი ბოლო დღეებში ყოველდღიური მაჩვენებელი 2 ათასს გადასცდა. მიუხედავად ამისა, მოქალაქეთა ნაწილი ვირუსის არსებობას დღემდე არ აღიარებს. თუ რა საფრთხეებს უკავშირდება ეს უნდობლობა, „Sputnik–საქართველო“ რუხის საავადმყოფოს ინფექციონისტს მაიკო ჯანაშიას ესაუბრა.
- მეტ-ნაკლებად ყველამ ვისწავლეთ კორონავირუსთან თანაცხოვრება. მიუხედავად ცხრა თვის გამოცდილებისა, რატომ არ სჯერა მოსახლეობის ნაწილს მისი არსებობის?
- კორონავირუსი იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და რაც უფრო დაიჯერებენ, რომ არსებობს, და ნამდვილად არსებობს, მით უკეთესი ყველასთვის. საერთოდ, საქართველოში არსებობს რაიმე თემა, რაზეც ერთგვარია მოსაზრებაა? ალბათ იმიტომ აქვთ ეს განცდა, რომ ხშირ შემთხვევაში კორონავირუსი სერიოზული სიმპტომების გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს. როცა ადამიანი თავს ცუდად არ გრძნობს, ჰგონია, რომ ეს ვირუსი არ არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა სხვა სურათს გვაჩვენებს.
- წარმოადგენს თუ არა ის ხალხი, ვისაც არ სჯერა COVID-19-ის არსებობის, განსაკუთრებულ საფრთხეს ირგვლივ მყოფებისთვის და ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ ძირითად წყაროს?
- რა თქმა უნდა, დიახ, ეს ხალხი არის ვირუსის გავრცელების წყარო, რადგან არ სჯერათ ამ ვირუსის არსებობის და, შესაბამისად, მინიმალურად იცავენ დადგენილ სტანდარტს. არ ერიდებიან სხვასთან კონტაქტსაც. არიან სიმპტომიანი პაციენტებიც კი, რომლებსაც არ სჯერათ კორონავირუსის და ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია, გაციებაა. ამ შემთხვევაშიც ხდებას ის, რომ რიგ შემთხვევაში მოგვიანებით ხდება ვირუსის დადასტურება. ძალიან რომ გაურთულდებათ, მაშინ მოგვმართავენ და უკვე შორს წასული პროცესია. ამასობაში რამდენ ხანს ჰქონდათ სხვა ადამიანებთან კონტაქტი? რაც უფრო მეტი დღე ექნებათ, მით უფრო მეტია რაოდენობრივად ვირუსის გადადების რისკი.
- რას ამბობენ პაციენტები, რომლებიც დადასტურებული დიაგნოზით შემოჰყავთ საავადმყოფოში, ისევ არ სჯერათ COVID-19-ის?
- ჭირს ამ ადამიანების დარწმუნება, მაგრამ ზოგი საბოლოოდ მაინც არ იჯერებს, მაგრამ უმეტესობა კლინიკაში მოთავსებული იჯერებს, როცა ხედავს მის ირგვლივ ცოტა უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს. ნუ ვეძებთ განსაკუთრებულ სიმპტომებს, რომ დავიჯეროთ კორონავირუსის არსებობა, რადგან ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. ვიღაცას თუ გაუმართლა და ჟანგბადის აპარატით არ წევს, ეს არ ნიშნავს, რომ სხვას არ დასჭირდება.
- როგორც წესი, კოვიდ-ინფიცირებულ გარდაცვლილებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. რატომ კეთდება აქცენტი კორონავირუსზე, როცა პაციენტს სხვა მძიმე დაავადებები აქვს?
- ცალსახად აქ ძირითადი მიზეზი მაინც არის კორონავირუსი. არ არის სწორი ვთქვათ, რომ „მთელი ცხოვრება თანმხლები დაავადებით ცხოვრობდა“. მართალია, ეს დაავადებები ადამიანებს ერთი თვის წინაც სჭირდათ. მაშინ რატომ არ გარდაიცვალნენ ერთი ან ორი თვის წინ? დაერთოთ კორონავირუსი და გაურთულდათ დაავადებები. „ჰქონდათ თანმხლები დაავადებები“ – ნიშნავს, რომ დასუსტებული ორგანიზმი ვერ ებრძვის სათანადოდ ამ დაავადებას და უფრო დიდი შანსია მდგომარეობის დამძიმების.
- დღეს უფრო მეტს სჯერა კორონავირუსის, თუ „პირველი ტალღის“ დროს უფრო სჯეროდათ?
- ადამიანებს მობეზრდათ შეზღუდვები, კარანტინი. მობეზრდათ პირბადე და ურჩევნიათ დაიჯერონ ის, რაც მათთვის უფრო მისაღებია. შესაბამისად, რაც უფრო დრო გავა, მით უფრო ნაკლებად დაიჯერებენ კორონავირუსის არსებობას. გასაგებია, რომ რიგ შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიდის და არ არის მომაკვდინებელი, მაგრამ ერთი რამ ძალიან კარგად ვიცი – ეს ვირუსი ამოუცნობია, 21-ე საუკუნეში მისი საწინააღმდეგო წამალი ამ დრომდე რომ ვერ გამოიგონეს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ხვალ-ზეგ რას მოიმოქმედებს, არავინ იცის.
- ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ არჩევნების შემდგომ ინფიცირებულების რიცხვის რადიკალური მატება და ანტირეკორდები პოლიტიკური ინტერესია...
- ამ ხალხს ვკითხავ – ვირუსი ხომ გარკვეულ ქვეყნებში არ დაწყებულა, სადაც არჩევნები ტარდება? კორონავირუსი არის როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში. სტატისტიკას თუ უყურებს ხალხი, მიხვდება, რომ დიდი ხანია დაიწყო მატება. წინა პერიოდში ჩაკეტვის ფონზე ავირიდეთ პირველი ტალღის გამწვავება, ჩაკეტვამ ინფიცირების შემცირება გამოიწვია. ახლა კი ვირუსს გარკვეული პერიოდი დასჭირდა, რომ „აეკრიფა“. ვირუსის ბუნება, სამწუხაროდ, ისეთია, რომ იზოლირებულად ერთ ქვეყანაში ვერ დამთავრდება, უნდა დამთავრდეს გლობალურად.
სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში, სადაც სიტუაცია ყველაზე მეტად საგანგაშოა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, რესტორნები მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ, მათ სტუმრების მომსახურება მხოლოდ 22:00 საათამდე შეუძლიათ. ქალაქებში სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ სკოლები და ასევე დისტანციურ რეჟიმზე გადადიან ხვალიდან საბავშვო ბაღები.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 46 ათასს აჭარბებს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.